ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც შევა ამ თამაშში, სათანადო პასუხს გავცემ ყველგან, სიტყვითაც და, თუ საჭიროა, მუშტითაც - გიორგი მუმლაძე

გიორგი მუმლაძე

მოღალატეობრივი პოზიცია და პასუხი მუშტით, - ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების ფონზე, "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ იმ პარტიებმა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, მათგან მეტი აგრესია უნდა იგრძნონ და სათანადო პასუხი აგონ.

"ლელოში" და გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ მათ გადაწყვეტილებაზე კოლეგების მუქარა გავლენას ვერ მოახდენს.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ადამიანებმა, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, ამით ქუჩის პროტესტს ღალატობს და მას უარს ეუბნებიან.

"ის ხალხი, ვინც სპეცოპერაციაში იღებს მონაწილეობას და ე.წ. ოპოზიციურ ფლანგად იყო მოაზრებული ქუჩის პროტესტს უარს ეუბნება და ღალატობენ ამ ქუჩის პროცესს", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ძალის გამოყენებაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი მუმლაძე.

"ნებისმიერი ის პოლიტიკური სუბიექტი, ვინც შევა ამ თამაშში, სათანადო პასუხს გავცემ ყველგან, სიტყვითაც და თუ საჭიროა, მუშტითაც. მოღალატემ უფრო მეტი აგრესია უნდა იგრძნოს ჩვენგან.

როდესაც ამ ბრძოლაში, შენი თანამებრძოლი ცელს გამოგისვამს და გიღალატებს, მას თუ სათანადო პასუხს არ გასცემ, ის მოწინააღმდეგე არ დაგაფასებს და შენ ძალას პატივს არ სცემს.

"ლელო" იქნება გახარია თუ სხვა, ყველა აგებთ სათანადოდ პასუხს. ვერ გამოხვალთ და ვერ დადგებით პროტესტში, თუ დადგებით მიიღებთ სათანადო პასუხს. მოღალატის იარლიყი აიკარით უკვე", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.