„ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილმა გაბედა საკუთარი თავის იდენტიფიცირება, სხვებსაც მოვუწოდებ, გვერდზე გადადონ ჯო უილსონის და სხვისი პლაკატები, დაიჭირონ იმ ლიდერების პლაკატები, რომლებსაც ხმა მისცეს - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

მივესალმები, რომ ამ აქციებზე სააკაშვილის ბანერი გამოჩნდა. დიდი ხანია, მოვუწოდებ ამგვარი ღონისძიების მონაწილეებს, თქვან, ვის მისცეს ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიხეილ სააკაშვილის ბანერის ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ყველამ დაიჭიროს და უნდათ, გულზე დაიკიდონ თავიანთი ლიდერების პლაკატები და დაგვანახონ, ვინ არიან და ვის მისცეს ხმა“.

„აი, გამოვიდა „ნაცების“ ნაწილი და თქვეს, ვის მისცეს ხმა. აბა, სხვებმაც თქვან, ვის მისცეს ხმა. საქმე იმაშია, რომ დღემდე არცერთ მონაწილეს არ უთქვამს, ვის მისცა ხმა, რადგან რცხვენიათ. რა თქმა უნდა, სირცხვილია, როდესაც ხმა „ნაცმოძრაობას“, გვარამიას, „ლელოს“, გახარიას მიეცი, როცა ხმას აძლევ მოღალატეებს, რომლებმაც წამების სისტემა შემოიღეს, როგორ შეიძლება, ეს საამაყო იყოს? კარგია, რომ გაბედეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებმა და თავიანთი თავის იდენტიფიცირება მოახდინეს. ახლა სხვებსაც მოვუწოდებ, გვერდზე გადადონ ჯო უილსონის და სხვისი პლაკატები და დაიჭირონ იმ ლიდერების პლაკატები, რომლებსაც ხმა მისცეს. რატომ რცხვენიათ ამ ყველაფრის? იმიტომ, რომ სამარცხვინო იქნება, როდესაც ისინი აღიარებენ, სინამდვილეში რა არის მათი ღირებულებები.

ადამიანი, რომელმაც გვარამიას მისცა ხმა, იმან ღირებულებებზე როგორ უნდა ილაპარაკოს? ადამიანი, რომელიც იტყვის, „ლელოს“ – დადასტურებულად თაღლითების პარტიას, რომელიც მილიარდ-ნახევრის წართმევას ცდილობდა ამომრჩევლის ჯიბიდან, ამათ მივეცი ხმაო, როგორ შეიძლება, ეს საამაყო იყოს? როგორ შეიძლება, სასირცხვილო არ იყოს, როდესაც იტყვის, რომ გახარიას მისცა ხმა, რომელმაც აღიარა საგამოძიებო კომისიაზე, რომ უცხო ქვეყნის ელჩის მითითებით გადადგა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობიდან? ყველამ დაიჭიროს და უნდათ, გულზე დაიკიდონ თავიანთი ლიდერების პლაკატები და დაგვანახონ, ვინ არიან. ჩვენ აქ „ქართული ოცნება“ ვართ, აქ არიან ჩვენი ამომრჩევლები და დაგვენახონ, ისინი ვინ არიან, თუ არ რცხვენიათ თავიანთი არჩევანის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.