1732386875
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ წინასაარჩევნოდ გაერთიანება იქნება ივანიშვილის გამარჯვების ფორმულა - სამადაშვილი
პოლიტიკური სისტემის ორპოლარულ პოლიტიკურ მოწყობაზე დგას „ქართული ოცნება“, ამიტომ ვინმე თუ ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლუსის კიდევ უფრო გაძლიერებით ივანიშვილს დაამარცხებს, ეს არის მცდარი ხედვა, - ასე ეხმიანება „ლელოს“ ლიდერი პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანების იდეას.
„ლელოს“ პოზიცია არის ცალსახა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წინასაარჩევნოდ გაერთიანება იქნება ფორმულა ივანიშვილის გამარჯვების, ამიტომ ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ მიდგომას, რადგან პოლიტიკური სისტემის ორპოლარულ პოლიტიკურ მოწყობაზე დგას „ქართული ოცნება“, ამიტომ ვინმე თუ ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლუსის კიდევ უფრო გაძლიერებით ივანიშვილს დაამარცხებს, ეს არის მცდარი ხედვა. ნებისმიერი ხედვა, რაც გააძლიერებს ალტერნატიულ შეთავაზებას ქართველი ხალხისთვის ანუ არა „ქართული ოცნება“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“, იქნებოდა სწორი მიდგომა და სწორი ფორმულა ჩვენი შეხედულებით,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო დროინდელი იდეები, როგორიც არის პრაიმერისი და პარლამენტის დატოვება, არ ერთიანებს ოპოზიციას და აღრმავებს განხეთქილებას.
„პოლიტიკაში ყველაფერს აქვს თავის დრო, მომენტი, მოცემულ ვითარებაში, იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ქვეყანაა, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების ასე მოუმზადებლად და გაუაზრებლად მიღება დამთავრდება მხოლოდ ერთი რამით, რომ ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთან საგრძნობლად დაზიანდება, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, ამ ეტაპზე ამ საკითხის დღის წესრიგში დასმა,“ - განაცხადა სამადაშვილმა.