NATO და საქართველო განაგრძობდნენ პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვის გასაძლიერებლად და თავსებადობის გასაუმჯობესებლად - მარკ რუტეს ანგარიში

მარკ რუტე

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ყოველწლიურ ანგარიშში ხაზგასმულია მტკიცე მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ანგარიშის მიხედვით, „ნატო და საქართველო განაგრძობდნენ პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ალიანსთან თავსებადობის გასაუმჯობესებლად“.

დოკუმენტში საუბარია ნატო-ს საერთაშორისო წვრთნებსა და ოპერაციებში საქართველოს აქტიური მონაწილეობის შესახებ.

„2024 წლის ივნისში საქართველოს თავდაცვის ძალებმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთში გამართულ „კოალიციური მებრძოლის ინტეროპერაბელურობის წვრთნაში“ (CWIX24), ხოლო სექტემბერში ქართველი მესაზღვრეები ჩაერთნენ ოპერაციაში „საზღვაო მცველი“, რაც საქართველოს მეორე როტაცია იყო ოპერაციულ პარტნიორად“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ „სამხრეთ კავკასიაში ალიანსის ჩართულობას მხარს უჭერს ნატო-ს სამოკავშირეო ოფისი თბილისში“.

ორმხრივი და რეგიონული პარტნიორობის ნაწილში დოკუმენტი მიუთითებს, რომ „ნატო-ს გლობალური პარტნიორობის ქსელი 30 წელზე მეტია, ვითარდება“ და ევროატლანტიკურ სივრცეში მოკავშირეები აქტიურად თანამშრომლობენ 16 პარტნიორ ქვეყანასთან“.

„ამ პარტნიორებს შორის ნატო-მ შექმნა სპეციალური სტრუქტურები უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.