ნანა კაკაბაძე: უყურებთ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესს. ხუთმა პარტიამ 800 000-ზე მეტი ხმა მივიღეთო ამბობენ და 80 კაციც რომ არ მოდის სოლიდარობის გამოსაცხადებლად, როგორ შეიძლება ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში გამარჯვების პერსპექტივა?

ნანა კაკაბაძე

რანაირი ლოზუნგებიც არ უნდა იყოს წამოწეული წინ, არ მგონია ამან შეძლოს იმის გადაფარვა, რაც ქართველმა ხალხმა 9 წლის განმავლობაში გაიარა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ.

მისი თქმით, ფუჭია ოპოზიციის ლოზუნგი - „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, რადგან ქართველ ხალხს არასდროს დაავიწყდება ის, რაც ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში გააკეთა თავისი გამოჩენით.

„ასე რომ ეს ფუჭი ლოზუნგები ემსახურება ის, რომ ამ ძალამ - კრებსითმა ნაციონალურმა მოძრაობამ თქვას - ჩვენ ცოცხლები ვართ. მათი მცდელობაა, რომ დასავლეთში მათ პატრონებს დაანახონ, რომ ცოცხლობენ და ყველაფერს აკეთებენ დავალებების შესასრულებლად. მართალია 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს რეჟიმი დასრულდა და წამოვიდა თაობა, რომელსაც არ უნახავს რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, მაგრამ იმ ადამიანებს, რომელთაც ახსოვთ და თავის თავზე გამოიარეს ის უბედურება, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვათ, ვერასდროს დაავიწყდებათ. ვერასდროს დაივიწყებენ იმასაც, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავისი გამოჩენით გააკეთა პოლიტიკაში. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ვფიქრობდი, რომ ამ ომის მოგება ასეთ შავბნელ ძლიერი ძალასთან, რომელსაც მხარს უმაგრებდა დასავლეთში მსგავსი ძალები, შეუძლებელი იყო, თუმცა ბრძოლას ბოლომდე ვაგრძელებდი და უეცრად გამოჩნდა ის იმედი, რომელმაც შეძლო ამ ძალის დამარცხება ქართველ ხალხთან ერთად და ეს იყო ბიძინა ივანიშვილი.

პატიმრებმა მთხოვეს, არავინ აღნიშნავს იმას, რაც გვინდა ბიძინა ივანიშვილს გადავცეთ და იქნებ ჩვენი სახელით თქვა ის მადლობა, რომელსაც ჩვენ ვუთვლით ბიძინა ივანიშვილსო. დღეს ისე გამოიყურება გარემო, თითქოს საქართველო უმადური ადამიანების თავშესაყარია. ქართული ბუნება არ არის უმადურობა, ისევე არაქართულია, როგორც ის საპროტესტო აქციები, რომელიც ამ ძალამ დანერგა ბოლო პერიოდში - გადაწვით, პოლიციელზე მოლოტოვის კოქტეილის სროლით, ამიტომ კარგია, როდესაც ადამიანების დიდ ნაწილს აქვს მადლიერების განცდა.

უყურებთ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესს, სადაც მთლიანი ოპოზიციური სპექტრის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდება - ხუთმა პარტიამ 800 000-ზე მეტი ხმა მივიღეთო ამბობენ და 800 000 ამომრჩეველი რომ გყავს და შენთან 80 კაციც რომ არ მოდის სოლიდარობის გამოსაცხადებლად, როგორ შეიძლება ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში გამარჯვების პერსპექტივა? რატომ არის ეს ძალა საშიში? - მათ კარგად იციან, რომ არჩევნები არ არის ის გზა, რითაც გამარჯვებას შეძლებენ, ამიტომ რჩებათ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად დესტრუქცია, რევოლუცია, სხვა ქვეყნების ინტერესებზე მუშაობის გზა. ამას მხოლოდ გარე ძალების მხრიდან თანადგომა, ვხედავთ, რომ არ ყოფნის, რადგან ქართველ ხალხზე ეს არ მუშაობს. როცა 700 დღეზე მეტია ქუჩაში ხარ და ხალხს ვერ კრებ, რაღაც დასკვნამდე თავად უნდა მიხვიდე, რომ ეს მიუღწეველია მანამ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლობენ ამ ქვეყანაში ის ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან რა რეჟიმს დააღწია თავი საქართველომ“, - განაცხადა კაკაბაძემ.

✕