ნანა კაკაბაძე: ხალხის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, პოლიტიკურად მაინც აგონ პასუხი დამნაშავე პოლიტიკოსებმა და დაჩქარდეს ის პროცესი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამნაშავე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ჰქვია

ნანა კაკაბაძე

ხალხის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, პოლიტიკურად მაინც აგონ პასუხი დამნაშავე პოლიტიკოსებმა და დაჩქარდეს ის პროცესი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამნაშავე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ჰქვია. ხალხი მოლოდინის რეჟიმშია.
ბურთი ხელისუფლების მოედანზეა, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.

იგი სვამს კითხვას, „რატომ არიან კრიმინალები პოლიტიკაში?“ და ვრცელ ანლიზს აკეთებს. მისივე თქმით, ხალხმა იცის, რომ პოლიტიკურ ავანსცენაზე დღემდე არიან 2003 წლის სახელმწიფოს გადამტრიალებლები.

„ტყუილია ხალხში დამკვიდრებული აზრი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, რადგან საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი სფერო თავისთავად არც სუფთაა და არც ბინძური.

ხელოვნების, მეცნიერების, ჟურნალისტიკის, მედიცინის, ეკონომიკის, პოლიტიკის და ადამიანების მოღვაწეობის ყველა დანარჩენი სფეროც იმდენად არის სუფთა თუ დაბინძურებული, რამდენადაც იქ წამყვანი და გამოსაჩენი ადგილები უკავიათ საზოგადოებაში მაღალი თუ დაბალი რეპუტაციის მქონე ადამიანებს.

ხშირად მოისმენთ მოთხოვნას, რომ პოლიტიკოსების მხრიდან გადადგმული არასწორი და თუნდაც საზოგადოებაში დანაშაულებრივად აღქმული ნაბიჯების გამო ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი, თუმცა, არცთუ იშვიათად, რიგი მიზეზების გამო სამართლებრივად პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლებელი ხდება ხოლმე და მიუხედავად საზოგადოების მხრიდან ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ უკიდურესად უარყოფითი განწყობისა, ვერ ხერხდება სისხლის სამართლებრივი დევნისათვის საკმარისი კონკრეტული მტკიცებულებების შეგროვება. თუმცა, როდესაც ასეთ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, მსგავსი პოლიტიკური პერსონების თუ ჯგუფების მიმართ აუცილებლად უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი მაინც. როდესაც ამასაც ვერ ახერხებს ხელისუფლება, მაშინ საზოგადოება, ვიღებთ ისეთ ვითარებას, როგორიც გვაქვს დღეს საქართველოში.

გავიდა ამდენი წელი და ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას დღეს უკვე მათივე მომხრეებიც ხმამაღლა გამოთქვამენ იმის გამო, რომ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის შემოქმედების მიმართ არ დამდგარა ადეკვატური პასუხისმგებლობა არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური კუთხით.

ხალხმა იცის, რომ დღემდე პოლიტიკურ ავანსცენაზე, არიან 2003 წლის სახელმწიფოს გადამტრიალებლები. გადატრიალების პერიოდიდან თუ დავიწყებთ მათი პოლიტიკური თუ კრიმინალური დანაშაულების ჩამოთვლას, გაგვახსენდება, რომ მათ 2003 წლის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, დაიწყეს სასამართლოს გაბახება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი განახილინეს არაუფლებამოსილ უზენაეს სასამართლოს და დააწერინეს აბსურდული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თურმე, პროპორციული არჩევნების შედეგები გაყალბების გამო უნდა გაუქმებულიყო, ხოლო იმავე არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნები უნდა დარჩენილიყო ძალაში (ანუ, მაჟორიტარული არჩევნები არ გაყალბებულაო).

ეს არ იკმარეს, სასამართლოებისთვის სახელის შეცვლის გზით ქუჩაში გაყარეს ურჩი მოსამართლეები - მოაწყვეს წმენდა და დასვეს საკუთარი ჯიბის მოსამართლეები, რომლებსაც გამოხატული მორჩილების მიუხედავად, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებასაც არ აძლევდნენ.

ერთის მხრივ, სასამართლო პროკურატურის ქვემდებარედ აქციეს და მეორე მხრივ, გაიდლაინები დაუწერეს, სადაც მკაცრად იყო გაწერილი რომელ მუხლზე რა გადაწყვეტილების გამოტანის უფლება ჰქონდათ, რითაც თავის მორჩილ მოსამართლეებსაც კი ფაქტობრივად ჩამოართვეს პირობითი მსჯავრის და გამამართლებელი განაჩენების დადგენის უფლება. ხდებოდა სასამართლოების გამოყენება ბიუჯეტის შესავსებად. საპროცესო შეთანხმები გამოიყენებოდა არა გამოძიებისათვის ხელის შემწყობ მექანიზმად, არამედ ხალხის გაძარცის გზით ბიუჯეტის შემავსაბლად.

საპროცესო შეთანხმების, ყოველი მუხლი მოიცადა ასევე საჯარიმო სანქციას, რომელიც გამოიყენებოდა აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ. კანონის არც ერთ მუხლში არ იყო განსაზღვრული ჯარიმის ზედა ზღვარიც კი. სამართლებრივი ბერკეტების მოშლის პარალელურად გააუქმეს თავისუფალი მედია, დაარეკეტეს ბიზნესი (იმდენად, რომ 10 000 ზე მეტი ბიზნესმენი დღემდე პროკურატურისგან ითხოვს სამართალს).

შექმნეს არალეგალური ფონდები, სადაც მესამე პირების მეშვეობით ხალხს არიცვხინებდნენ ასიათასობით და მილიონობით ლარს, რომელიც ბიუჯეტის გვერდის ავლით იკრიბებოდა და ბიუჯეტის გაუვლელად იხარჯებოდა, რაც დღემდე გამოუძიებელია. ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობის საკითხიც არ დამდგარა.

ნორმად იყო ქცეული ხალხის განკულაკება, პროცესში ჩართული ჰყავდათ ნოტარიუსებიც, რომლებთანაც „რატომღაც“ ღამღამობით მირბოდნენ კერძო საკუთრების მქონე, მიზანში ამოღებული მოქალაქეები და მოითხოვდნენ, მათი საკუთარი უძრავი ქონების სასწრაფოდ ჩუქებას სახელმწიფოსთვის ან ხელისუფლის მიერ მითითებული რომელიღაც პირისთვის.
ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულმა უკანონო ქმედებებმა, მალევე გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება. საპასუხოდ ხელისუფლებამ, საყოველთაო შიშის დათესვის მიზნით აამუშავა საზოგადოების დაშინების მექანიზმები. დაიწყო საზოგადოების მასობრივი ტერორი, ეთერები მოიცვა ტელე დაპატიმრებებმა, სადაც პირდაპირ უჩვენებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენლები როგორ უტიფრად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, რომლის გამოც არავინ არ ისჯებოდა. ქუჩებში დღისით მზისით მიმდინარეობდა ათეულობით ახალგაზრდის ჩახოცვა ძალისმიერი უწყებების წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებსაც ასევე არავინ სთხოვდათ პასუხს. მოკლულთა ოჯახები დღემდე ეძებენ სამართალს.

შიშის დათესვის მიზნით ციხეთა სისტემაში, მართვის ფორმად დაინერგა წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ხოლო ფართო მასშტაბიანი პროტესტის მონაწილეებს მოუწყვეს 7 ნოემბერი, 26 მაისი, 15 ივნისი, რაც მომიტინგეების მასობრივი დევნა-დაჭერა-დაპატიმრებების გარდა ხდებოდა მშვიდობიანი მომიტინგეების დახოცვა და გვამების სახურავებზე შემოწყობა, ადგილი ქონდა მიტინგის მონაწილეებისათვის თვალების დათხრას და დაინვალიდებას. ამ ყველაფრის შედეგად დაითესა მასობრივი შიში. ქუჩებში ხალხი უარს აცხადებდა კამერების წინ საკუთარი აზრების დაფიქსირებაზე.

ფიქციად იქცა ომბუდსმენი და უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები. დამოუკიდებლობის შემდგომ შექმნილი ყველა დემოკრატიული ორგანო თუ ღირებულება ფეხქვეშ გაითელა. დამყარდა ელიტარული კორუფცია.

უმთავრესი დანაშაული, რომელზეც პასუხი არავის უგია, არის ტერიტორიების გასხვისება. 90-იანებშიც იყო ომები და კონფლიქტები, მაგრამ მაშინ არავის მიუღია ტალიავინის დასკვნის მსგავსი რეზოლუცია და არავის გამოუცხადებია საქართველო ომის დაწყების ინსპირატორად, რასაც თვითონ სააკაშვილის ხელისუფლებაც დაეთანხმა. ხელისუფლებამ, როგორც თვითონვე აცხადებდა, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით შეიყვანა ჯარები ცხინვალში და დაიწყო როგორც სამშვიდობო მისიით მდგარი სამხედროებისთვის ცეცხლის გახსნა, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა.

იმ პერიოდის ხელისუფლებამ არ მოახდინა ცხინვალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და 8 აგვისტოს შემოსულ რუსის ჯარს შეატოვეს შეუიარაღებელი ხალხი. ომის დაწყებიდან 4 დღეში ხელი მოეწერა კაპიტულაციას. საზოგადოებას გაუჩნდა ლეგიტიმური კითხვა, ხომ არ იყო ეს ომი გარედან დაკვეთილი, რადგან ამ ყველაფრის ფონზე ხელისუფლება ინარჩუნებდა მუდმივ მხარდაჭერას დასავლეთიდან, ხალხს გაუჩნდა კითხვები და ეჭვებიც სწორედ დასავლეთის მიმართ. პასუხგაუცემელმა კითხვებმა გააჩინეს სერიოზული უნდობლობა დასავლეთის მიმართ.

შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი დამსახურებაა ის ანტიდასავლური განწყობა, რომელმაც მისი მმართველობის დროს იფეთქა და დღემდე მზარდია. ქვეყანაში გამეფებულმა განუკითხაობამ დაუცველობის განცდამ, ხალხს გაუჩინა საბჭოთა რეჟიმის ნოსტალგია. 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი, ბიძინა ივანიშვილმა, ქართველ ხალხთან ერთად 2012 წელს, არჩევნების გზით დაასრულა და ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნება“.

ქართველი ხალხის რისხვა „ქართულ ოცნებასაც“ დაატყდა თავს, ვინაიდან აბსოლუტური უმრავლესობა თვლიდა და დღესაც თვლის, რომ ნაცების რამოდენიმე წევრის გასამართლება, ემსახურებოდა უფრო მათ გათეთრებას, ვიდრე მათ ადეკვატურ დასჯას.

გაღმით შედავების პრინციპით, ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლები პრემიერს, პარლამენტის თავჯდომარეს თუ ხელისუფლების სხვა წევრებს, ედიდგულებიან იმ თემებზე, რომლის ავტორები და შემოქმედები თვითონვე არიან. ქვეყანის სწორ პოლიტიკურ განვითარებას აფერხებს ის ფაქტი, რომ არჩევნებით ხელისუფლებას ჩამოშორებულ ძალებს დღეს ოკუპირებული აქვთ ახლა უკვე ოპოზიციის ნიშა, რომელშიც ინტენსიურად ნერგავენ კრიმინალს.

ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, გასაგები თუ გაუგებარი მიზეზების გამო, სულ უფრო და უფრო რთული ხდება მათ მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება, ამიტომ ხალხის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, პოლიტიკურად მაინც აგონ პასუხი დამნაშავე პოლიტიკოსებმა და დაჩქარდეს ის პროცესი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამნაშავე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ჰქვია.

ხალხი მოლოდინის რეჟიმშია.ბურთი ხელისუფლების მოედანზეა“, - წერს ნანა კაკაბაძე.