ნანა კაკაბაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე: ქვეყნის შიგნით აგენტურა და მათი პატრონები ერთი და იგივე ფორმულით მოქმედებდნენ. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მოეყვანათ ხელისუფლებაში მათი პატრონების მონური მორჩილებით გამორჩეული ჯგუფები

ნანა კაკაბაძე

ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ნებისმიერ პირს აქვს საშუალება, როგორც ქვეყნის შიგნით ეროვნულ დონეზე, ისე ქვეყნის გარეთ ეძიოს სამართალი, თუკი თვლის, რომ მის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური დევნა ან უსამართლობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას.

მისი თქმით, ამ დრომდე რადიკალებმა ყველა საქმე წააგეს სტრასბურგში და სავარაუდოა, რომ აღნიშნულ დავაზეც იგივე ბედს გაიზიარებენ.

„იმედი მაქვს, რომ თუკი ისინი კვლავ მიმართავენ სტრასბურგს, კვლავაც იგივე პასუხს მიიღებენ. სწორედ ამიტომ არის მათი მღელვარება ასეთი სერიოზული, ზუსტად იციან, რომ დავა, რაზეც დღეს პროკურატურა მათ ბრალს უყენებს, არის დაფუძნებული რეალურ მტკიცებულებებზე და არა ვინმეს მიერ გამოგონილ თხზულებებზე. და ამ მტკიცებულებებს ქართული საზოგადოება პირდაპირი ეთერის საშუალებით უყურებდა ტელევიზიებით, როგორც მიტინგებსა და მანიფესტაციებზე, ისე ამ კრიმინალური დაჯგუფების თანამშრომლობას თავიანთ უცხოელ პატრონებთან თუ დამკვეთებთან.

ეს ორი ჯგუფი - ქვეყნის შიგნით აგენტურა და ქვეყნის გარეთ მათი პატრონები ერთი და იგივე ფორმულით მოქმედებდნენ. მათთვის არ იყო პოლიტიკა მნიშვნელოვანი. მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმ დაკვეთის შესრულება, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში, რომ დაემხოთ მათი პატრონებისთვის არასასურველი ხელისუფლება და მოეყვანათ ხელისუფლებაში მათი პატრონების მონური მორჩილებით გამორჩეული ჯგუფები. ეს იყო ძირითადი არსი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის ღალატი“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

მისი თქმით, გარე ძალები რადიკალების წარმომადგენლების პატიმრობას განიხილავენ, „როგორც პრობლემას“ თუმცა ეს მათი პრობლემაა და არა საქართველოსი.

„მათი პატიმრობის შემთხვევაში შეიძლება სულ სხვა საქმეები ამოტივტივდეს ზედაპირზე. სულ სხვა რამ გახდეს ცნობილი და ისინი ზუსტად აანალიზებენ იმას, რომ ამ საქმეებმა შემდგომ საერთაშორისო სასამართლოები თუ იხილა, იქ უკვე მხილებული იქნებიან არა მხოლოდ ის პირები, რომლებსაც დღეს, შეიძლება ბრალი წაუყენონ და დაპატიმრებულ იქნან, არამედ მათი დამკვეთები, მათი დამფინანსებლები, მათი ხელმძღვანელები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ისინი ამაში პრობლემას ხედავენ“, - განახადა ნანა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.