პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ანტონ ორეხი რუსი მიმომხილველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს პარანოიდი მოხუცის ახირებას უწოდებს. მნიშვნელოვანია მხოლოდ ორი სიტყვა - „არა ომს!“ - წერს ის.
„პრაიმთაიმი“ გთავაზობთ ანტონ ორეხის პუბლიკაციას, ომის თემაზე.
„უხერხულია ახლა რუსეთის მოქალაქეობა? მოქალაქეობა სირცხვილი არაა, რადგან მოქალაქე არ არის ის, ვინც ჯიბეში ატარებს პასპორტს, ბინადრობის ნებართვით. ვინც ინერტულია, იმას უნდა შერცხვეს. მათ, ვისაც ახლა უხარია, რომ ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყანას დაესხა თავს, მათ უნდა რცხვენოდეთ, მაგრამ ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, არა აქვთ სირცხვილის გრძნობა - შესაბამისად, არ შერცხვებათ.
ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო, არ არის მხოლოდ ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ომი რუსეთისა და ჩვენი მომავლის წინააღმდეგ. ჩვენი ტანკის ყოველი ჭურვი, ყოველი რაკეტა, ყოველი ჩამოგდებული ბომბი არის გასროლა ჩვენს მომავალზე. ახლა მთელი გულით, მთელი სულითა და გულით თანავუგრძნობ უკრაინას, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცების სიკვდილი არც ერთი წამით არ გამიხარდება! იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭებს, რომელთაგან ათეულობით დაიღუპა ომის პირველივე დღეს, შეეძლოთ ბევრი სიკეთის გაკეთება თავიანთ ცხოვრებაში! შექმნიდნენ ოჯახებს, გააჩენდნენ შვილებს, გამოიგონებდნენ რამეს, ააშენებდნენ. არა და შეეწირნენ ერთი მოხუცის ამბიციებსა და პარანოიას, რომელიც უკვე ოცი წელია, ცხოვრობს მის გამოგონილ სამყაროში, რომელიც თავის უახლოეს თანამზრახველებს კილომეტრიანი მაგიდით დაშორდა. ვისაც საშინლად ეშინია მიკრობების და ამ დროს ქვეყანამ მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა ვირუსისგან - როგორც ყველაზე საშინელ ომში...
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდი დრო არ გასულა. მე და უკრაინელებს დღესაც გვახსოვს, როგორ ვცხოვრობდით ერთ ქვეყანაში. უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა შესანიშნავად საუბრობს რუსულად, ასობით ათასი ადამიანი მეგობრობს. ეს არის ის, რაც ახლა ნადგურდება. გაიზრდებიან თაობები, რომლებსაც ექნებათ არა მეგობრობის, არამედ მხოლოდ ომისა და სიძულვილის გამოცდილება. და რუსული ენა გახდება მტრის ენა.
ამ ომს დენაციფიკაციის ოპერაცია დაარქვეს. ამის თქმა ნიშნავს რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების საფლავებზე დაფურთხებას, რომლებმაც ერთად დაამარცხეს ფაშიზმი. ნაცისტებს სურდათ ჩვენი ქვეყნის განადგურება, ნაცისტები სლავებს არასრულყოფილ სახეობას უწოდებდნენ, რომლებიც მხოლოდ განადგურების ან მონობის ღირსი არიან.
რა დავარქვათ იმას, რასაც ახლა ვხედავთ და გვესმის? როცა უკრაინას არ მიიჩნევენ სახელმწიფოდ, როცა ამბობენ, რომ არ არსებობდა და რომ უკრაინული ენა მხოლოდ რუსულის დიალექტია, უკრაინელები კი ხელოვნურად გამოგონილი ხალხია...
ეს ომი ჩვენი შვილებისთვისაც ომია. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ახლა გაიგონ ჩვენგან, რაც ხდება და რომ გაიზრდებიან, ისინიც გახდნენ მოქალაქეები და არა მხოლოდ გულგრილი მოსახლეობა.
დღეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ჩემს ცხოვრებაში. ამას შევადარებდი საყვარელი ადამიანების დაკარგვას. საყვარელი ადამიანების დაბრუნებას ვერ შეძლებ, მაგრამ შეგიძლია შეაჩერო ომი. პუტინი არ არის მარადიული. გავა დრო და არც ის იქნება და არც მთელი მისი გიჟების პალატა. მაგრამ ამ ადამიანებს შეუძლიათ მთელი ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთში ჩაითრიონ, მომავალი წაართვან ყველას - თუნდაც მათ, ვინც ჯერ არ დაბადებულა.
ასე რომ, დღეს მხოლოდ ორი სიტყვა გვაქვს. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა.
არა ომს!
წყარო: https://echo.msk.ru/