მთავარია ჩვენ დავგმოთ ძალადობის ინიციირება, თუ არ იქნება ინიციირებული ძალადობა, არავითარ ძალადობას არ ექნება ადგილი - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პარალელურ რეჟიმში წარიმართება გამოძიებები ორივე მიმართულებით, როცა საქმე ეხება ძალადობას, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, პარალელურ რეჟიმში, მათ შორის დროში წარიმართება გამოძიებები ორივე მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ მოხდება რეაგირება ჟურნალისტების ცემის კადრებთან დაკავშირებით.

„აქაც არის საჯარო ყველაფრის გამოვლენა და კიდევ ერთხელ, ერთი რამ არის მთავარი, მთავარია ჩვენ დავგმოთ ძალადობის ინიციირება. ეს არის მთავარი. თუ არ იქნება ინიციირებული ძალადობა, არავითარ ძალადობას არ ექნება ადგილი. გუშინ რომ არ დაეწყოთ ძალადობა შესაბამის ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, ხომ არაფერი არ მოხდებოდა, ამაში ხომ მეთანხმებით. არაფერი არ მოხდებოდა საერთოდ, ძალადობრივ დაჯგუფებებს რომ არ დაეწყოთ ექსტრემისტული მოქმედებები, ხომ არ იქნებოდა არაფერი, იქნებოდა ჩვეულებრივი სიმშვიდე. რატომ არ გმობს არავინ ხმამაღლა ძალადობის ინიციირებას, მით უმეტეს, რომ ეს ძალადობა იყო აბსოლუტურად წინასწარ კოორდინირებული, წინასწარ ორგანიზებული და სისტემური. მთავარი არის ამაზე ყურადღების გამახვილება. არ დაიწყება ძალადობა, არ იქნება არაფერი, არ იქნება არავის დაშავება, არ იქნება არავითარი პრობლემა. მთავარი არის ეს, თქვენ დაგმეთ ძალადობის ინიციირება და ძალადობის ინიციატორები, ამას რომ არ აკეთებთ, ამით ახალისებთ, ბუნებრივია, ძალადობას. ეს, რა თქმა უნდა, არ მიემართება ყველა თქვენგანს, მაგრამ არიან მედიასაშუალებები, არიან პოლიტიკოსები, უცხოელი ჩინოვნიკები, რომლებიც არ გმობენ დღემდე ძალადობის ინიციირებას, ძალადობის ინიციატორებს და ამით ახალისებენ იმ ქმედებებს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ადამიანების დაშავებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.