მშვიდობისკენ სვლა გაცხადებული იყო, თუმცა სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ოქრუაშვილის, ბოკერიას, ბარამიძის „ღამის მთავრობა“ ცდილობდა სამშვიდობო პროცესის ჩაშლას - ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა

მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო მშვიდობისკენ სვლა, სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ოქრუაშვილის, ბოკერიას, ბარამიძის „ღამის მთავრობა“ ცდილობდა სამშვიდობო პროცესის ჩაშლას, – ამის შესახებ 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც განიხილავენ იმ სამშვიდობო პროცესს, რომელიც ომამდე პერიოდში მიმდინარეობდა.

„ჩემს მერე, როცა მე მომხსნეს თანამდებობიდან, სამი მინისტრი იყო – ანთაძე, ბაქრაძე და იაკობაშვილი. ისინი 2006 წლიდან 2008 წლამდე ერთად იყვნენ ნახევარჯერ ცხინვალში. იაკობაშვილი ცხინვალში არ შესულა, ის იყო ერგნეთთან მისული. რომ არ მოგატყუოთ და არ შემეშალოს, სულ მცირე 100-ჯერ ვიყავი ცხინვალში. ორი კვირა ისე არ გადიოდა, ცხინვალში რომ არ ჩავსულიყავი. რეგულარულად დავდიოდი, ღამე ვრჩებოდი იქ, სადაც ჯარისკაცებს ეძინათ. არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე იქ დაცვით ჩავსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა რამდენჯერმე მითხრა, დაცვა რატომ არ გყავსო. ასეთი ვითარება იყო და დამოკიდებულება, როცა ჩვენ შევუდექით ამ საქმეს.

ერთი საინტერესო დეტალია, რომ სადღაც ორი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მინისტრად დავინიშნე, ზურაბ ჟვანიასთან ერთად ორჯერ მომიწია წასვლა კრწანისში, სამთავრობო რეზიდენციაში, სადაც ცხოვრობდა მიხეილ სააკაშვილი. ავედით და იქ დამხვდა ე.წ. ღამის მთავრობა – სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, ბოკერია, ერთ-ერთ შეხვედრაზე ბარამიძეც იყო. დავსხედით და პრინციპში სამთავრობო სხდომა ჩატარდა. პირველ მისვლაზე არაფერი ვუთხარი და მეორედ რომ მივედით, ვუთხარი, რომ ზურა, მე აქ აღარ მოვალ. მე დამნიშნეს დღის მინისტრად და არა ღამის მინისტრად. ამიტომ, იქ, ამ წრეში, ღამის მთავრობაში რა გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩემთვის საინტერესო არ არის-მეთქი. დღისით რომ ვიკრიბებით ხოლმე, პრეზიდენტიც რომ ესწრება ხშირად მთავრობის სხდომებს, იქ რა გადაწყვეტილებებიც მიიღება, მე მაგაში ვიღებ მონაწილეობას-მეთქი.

ზურა იყო ამ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის მომხრე და ბურჯი, ყველა იმ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში, რასაც ჩვენ ვახორციელებდით – გია, მე და სამინისტრო. პატარა სამინისტრო იყო, მაგრამ ძალიან კარგი ჯგუფი შეიქმნა. აქტიურად ვმუშაობდით ორივე მიმართულებით, უამრავი საერთაშორისო შეხვედრები გვქონდა,  ჟენევაში, ვენაში, ნიუ იორკში, ვაშინგტონში და სხვაგან“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, იმ დროს საერთაშორისო თანამეგობრობის განწყობა იყო ცალსახად სამშვიდობო პოლიტიკის მხარდამჭერი.

„ამიტომ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ჩვენგან მოდიოდა, ნებისმიერ შეხვედრაში, რომელიც ითვალისწინებდა საშვიდობო ინიციატივებს, ასეთი ბევრი იყო. არა მარტო რეზოლუციები და პროტოკოლები, რომელსაც ხელს ვაწერდით და ეგეთი 49 პროტოკოლია, თუ არ ვცდები, ამ შერეული საკონტროლო კომისიის, არამედ ეუთო-ს და განსაკუთრებით ევროკავშირის მისიების მხრიდან მერე გამოიყო ფული. ყველას კარგად ესმოდა, რომ ძირითადი, რაც სამშვიდობო პროცესს საფუძვლად შეიძლება, ედოს, ეს არის ადამიანების საერთო ინტერესი. ამას ეუთო არ სჭირდება, ადამიანების ბუნებიდან გამოდის, როცა ჩვენ ერთი და იგივე ინტერესი გვაქვს, ვშრომობთ ერთად და ეს დოვლათს ქმნის ჩემთვისაც, შენთვისაც და საზოგადოებისთვისაც, ეს არის ძირითადი წინაპირობა, რომ ჩვენ არ ვიჩხუბოთ ერთმანეთში, მით უმეტეს, რომ განსაკუთრებით გასაყოფი არაფერი გვაქვს.

პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო, რომ მშვიდობისკენ მივდივართ, მიდიოდა ამ ღამის მთავრობის მიერ სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობა. პირველი ამის ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, აქ ზურაბ ნოღაიდელს ვუსმინე, ფინანსთა მინისტრი იყო და შეიძლება, მისი გადმოსახედიდან რაღაც ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება ასე თუ ისე შეიძლება, გამართლებული ყოფილიყო, მაგრამ სამშვიდობო პროცესის თვალსაზრისით, ერგნეთის ბაზრობის ისე დახურვა, როგორც იმათმა დახურეს, იყო პირდაპირი დარტყმა სამშვიდობო პროცესისთვის. ერგნეთის ბაზრობისთვის სულ მცირე 3-4 ათასი კაცი ფუნქციონირებდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ადამიანების უკან დგანან ოჯახები, მიხვდებით, რომ ეს არის პრაქტიკულად მთელი ცხინვალის მოსახლეობა.

ამიტომ, ინტერესი და ეს ლაპარაკი – მაშინ თითქმის ყველაფერი არალეგალური იყო საქართველოში. ეს გადატრიალება რომ მოხდა, შევარდნაძის მთავრობის ბოლო წლებში, ინსპექტორიდან დაწყებული მინისტრით დამთავრებული, ყველა ქრთამს იღებდა და ყველამ კარგად ვიცოდით. ერგნეთის ბაზრობაზე რომ არ იქნებოდა იქ იდეალური წესრიგი და რაღაც არალეგალური ურთიერთობები იქნებოდა, ეგ ბუნებრივია. ერგნეთის ბაზრობის დახურვამ, ეს არ პოსპო, პირიქით, უფრო ჩრდილში წავიდა. 50, 100 ტონა მანდარინი გადიოდა დიდი მანქანებით, გადაღებულიც მაქვს, როგორ გადის ცხინვალის მიმართულებით როკის გვირაბით რუსეთში, არალეგალური, აღარ ვლაპარაკობ სპირტს, სიგარეტს, პროდუქტებს, რომელიც მიმოიფანტა, ერთად კი არ იყო, როგორც მაშინ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.