1738949820
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“ - კაია კალასი და მარტა კოსი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთა,ნ" - აღნიშნულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადებაში, საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ.
"გავხდით მოწმენი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს უფრო მეტად შორდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული მიღება საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს. ეს ცვლილებები არსებითად გამოუთხრის ძირს გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების უფლებებს, ისევე როგორც მედიის თავისუფლებას.
ეს მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარების სერიოზულ რეგრესს ასახავს და არ ამართლებს არანაირ მოლოდინს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE / ODIHR) დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად.
საქართველოს ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის ჩასახშობად დაშინების ტაქტიკასა და ძალადობას მიმართა. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავიანთი ფუნდამენტური უფლებების განხორციელების გამო დევნის სამიზნე გახდნენ. დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც აზრს თავისუფლად გამოხატავს. ამჟამად მოშიმშილე მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ნდობისა და დიალოგის აღსადგენად არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს. ბოლო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის რეკომენდაციები სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას,"- აღნიშნულია განცხადებაში.