"მოსკოვის მექანიზმის" დასკვნა ვიზიტიდან ორ სამუშაო დღეში მომზადდა, რაც მცირე დროა ინფორმაციის გადასამუშავებლად, ეს აჩვენებს, რომ დასკვნა წინასწარ იყო მომზადებული - მაკა ბოჭორიშვილი

ნკ

"მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედების საკითხი 23-მა ქვეყანამ როდესაც დააყენა, გვქონდა გონივრული ეჭვი, რომ ეს იყო მექანიზმისა და ეუთო-ს გამოყენების მცდელობა, რათა წინასწარ მომზადებული დასკვნები გაეკეთებინათ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, ყველა მინიშნება აჩვენებს, რომ წინასწარ იყო დაგეგმილი და ექსპერტიც წინასწარ იყო შერჩეული:

"ამიტომაც არ გახლდათ პოლონეთი იმ 23 ქვეყანას შორის, რომელმაც აამოქმედა მექანიზმი. დასკვნა მომზადდა წინასწარ შერჩეული ექსპერტით. ჩვენი გონივრული ეჭვის მიუხედავად, რომ დასკვნა არც ობიექტური იქნებოდა და არც სამართლიანი, საქართველომ, ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე, სრულად ითანამშრომლა დანიშნულ ექსპერტთან. ჩვენ მას გამჭვირვალედ შევთავაზეთ ყველა შეხვედრა, რაც მოითხოვა და ყველა შეხვედრა ორგანიზებული იყო შესაბამის წარმომადგენლებთან," განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასკვნა ვიზიტიდან ორ სამუშაო დღეში მომზადდა, რაც ძალიან მცირე დროა ექსპერტს სრულად გადაემუშავებინა საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული მასალა:

"ეს აჩვენებს, რომ დასკვნა წინასწარ იყო მომზადებული და შეხვედრების ან დოკუმენტების გაანალიზება არ მომხდარა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ისინი სრულიად აბსურდულია, სცდება ექსპერტის მანდატს და მექანიზმის ჩარჩოებს. შესაბამისად, რეკომენდაციებთან დაკავშირებით ობიექტური მიდგომების გამოყენება აზრს მოკლებულია, იმდენად აბსურდულია, რომ მათ შესრულებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. დოკუმენტი როდესაც მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ექსპერტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ მექანიზმის, არამედ მთლიანად ორგანიზაციის სანდოობას. ორგანიზაციის წევრებსაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პასუხი ამასთან დაკავშირებით, რადგან ეს არ არის მხოლოდ ექსპერტის რეპუტაცია, აქ საუბარია ორგანიზაციაზე და მის ფარგლებში გარკვეული მექანიზმის გამოყენებაზე. დარტყმა მიაყენეს ორგანიზაციას, მის რეპუტაციას და მექანიზმის სანდოობას. შესაბამისად, რეკომენდაციებზე საუბარი შერჩევითად აზრს მოკლებულია," -აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კითხვაზე, რამდენად რეალურია, მოხდეს ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვა, მაკა ბოჭორიშვლმა თქვა: "ამ მექანიზმის ფარგლებში სხვა ორგანიზაციების მითითებები აზრს მოკლებულია და არ არის რელევანტური. ექსპერტმა რაც დაწერა, დასკვნები რაც გააკეთა და რეკომენდაციები რაც გასცა, ცდება იმ ჩარჩოებს, რისი უფლებამოსილებაც მას ჰქონდა".

"მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. საერთოდ როგორ იყო გამართლებული ამ მექანიზმის ამოქმედება საქართველოსთან მიმართებით ან რამდენად საჭირო იყო, როდესაც საქართველომ „ვენის მექანიზმის“ ფარგლებში სრულად ითანამშრომლა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებთან, წარადგინა მსუყე დოკუმენტი, სადაც ყველა კითხვაზე იყო პასუხი გაცემული. იმავე თემაზე სხვა მექანიზმის ამოქმედება ემსახურებოდა პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას. ნახეთ ოპოზიციის წარმომადგენლების ხმაური, კარგად ჩანს, რას ემსახურებოდა ამ მექანიზმის ამოქმედება. ისიც კარგად ჩანს, რა ნიშნით იყო ექსპერტი შერჩეული, კარგად ჩანს კავშირებიც და შესაბამისად, აქ უკვე ბევრი კითხვაც აღარ დარჩა, რისთვის იყო საჭირო ეს ყველაფერი. ყველაფერი საჭიროა საქართველოში შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის და ოპოზიციისთვის რაღაც სასუნთქი საშ