„მოხსენების საგანგებო ნაწილი ეძღვნება იმას, რომ არჩევნები ჩატარებულია, ხელისუფლებასთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს“ - გია ვოლსკი ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ

გია ვოლსკი

"მოხსენების საგანგებო ნაწილი ეძღვნება იმას, რომ არჩევნები ჩატარებულია, ხელისუფლებასთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს" - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით გააკეთა.

გიორგი ვოლსკი ეუთო/ოდირის განცხადებას იხსენებს, რომელიც ორგანიზაციამ არჩევნების მეორე დღეს გააკეთა და სადაც საუბარი იყო, რომ არჩევნები შედგა და სახელმწიფოს მმართველობა არჩეულია.

"ეუთო/ოდირის განცხადება უნდა მოვიგონოთ, რომელიც გააკეთეს არჩევნების მეორე დღეს. შეჯამება საკმაოდ პოზიტიური განცხადებებით დაიწყო, ის რომ არჩევნები შედგა და ის, რომ სახელმწიფოს მმართველობა არჩეულია. ეს არ შეცვლილა, ეს არსად არ დაკარგულა, ისევე, როგორც 2 დეკემბრის განცხადება, როდესაც ისტერიკაში ჩავარდა მთელი რადიკალური ოპოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ცალკეული შენიშვნების მიუხედავად, არსებობს ხაზგასმული აღიარება იმისა, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ეუთო/ოდირის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არის ის რეალობა, რაც შეიქმნა საქართველოში. უნდა ვაღიაროთ, საბოლოო დასკვნაში არის საკმაოდ სერიოზული მწვავე შენიშვნები, მაგრამ ფაქტები, როგორც ვერ მოიტანეს იმ სტრუქტურებმა, რომლებმაც ამ შენიშვნებს დაუდეს საფუძველი, ზუსტად იგივე არის გადმოტანილი ამ მოხსენებაში. თუმცა, მოხსენების საგანგებო ნაწილი ეძღვნება იმას, რომ არჩევნები ჩატარებულია, ხელისუფლებასთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს,“ - აცხადებს გია ვოლსკი.