მოხარული ვარ, რომ საქართველო და გერმანია ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ვიცავთ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს - ოლაფ შოლცი

შოლცი

გერმანია უჭერს და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც შოლცმა აღნიშნა, მოხარულია, რომ საქართველო და გერმანია ერთად გმობენ რუსეთის აგრესიას და იცავენ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აგრძელებს თავის გეგმებს, ეს ეხება არამარტო რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, არამედ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველო თავადაც გახლავთ 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ნაწილები რუსული უკანონო ოკუპაციის ქვეშ არის, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ამას გავუსვათ ხაზი. ჩვენ ვერ და არ შევეგუებით ამას. გერმანია უჭერს და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, სადაც გერმანიას ყველაზე მეტი პერსონალი ჰყავს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ იმ სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა. დიდი მადლობა თქვენი ვიზიტისთვის და მიხარია მომავალი თანამშრომლობა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.