„მოგიწოდებთ, არ ცნოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება" - თინა ბოკუჩავა "ევროპის სახალხო პარტიის" შეხვედრაზე

თინა ბოკუჩავა

"მოგიწოდებთ, არ ცნოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება, - ამის შესახებ "ევროპის სახალხო პარტიის" შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და რუსულ ორბიტასთან დაახლოების შედეგად, ეს ასამბლეა დარჩა ერთადერთ გავლენის ინსტრუმენტად. "ქართული ოცნების" არალეგიტიმური საპარლამენტო დელეგაციის ცნობით, დაიკარგება ეს ბოლო ინსტრუმენტიც. უკვე მეოთხე წელია ტყვეობაში ჰყავს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გზა გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ. საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა ნიშნავს: ევროპის სახალხო პარტიის მიერ ბრიუსელში მიღებული რეზოლუციის უგულებელყოფას, რომელიც მოუწოდებს მის წევრებს არ ცნონ დელეგაციის მანდატი, ამ ასამბლეისთვის მინიმალური სანდოობის დაკარგვას ქართველი ხალხის თვალში. მოგიწოდებთ, არ ცნოთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეუჩერდება თუ არა "ქართული ოცნების" დელეგაციას უფლებამოსილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში - ქართული ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომელიც დღის წესრიგში EPP-ის წარმომადგენელმა დააყენა, გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. საკითხზე დღეს მონიტორინგის კომიტეტი იმსჯელებს, ხვალ კი, საპარლამენტო ასამბლეა კენჭისყრას გამართავს.