მნიშვნელოვანია, რომ ყველა პერსპექტივა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ თუ რა მდგომარეობაა პენიტენციურ დაწესებულებებში - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

„დღეს, შესაძლებლობა გვექნება ბევრი განზომილებიდან განვიხილოთ  საკითხი, რომელიც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს. მნიშნელოვანია, რომ ყველა ეს პერსპექტივა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ პენიტენციურ დაწესებულებებში. გვექნება საუბარი სად არის გამოწვევები, რა გამოწვევებია და როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT|) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებებისა და რეკომენდაციების საჯარო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საინტერესოა თემა და რაკურსი, რომელზეც დისკუსია გაიმართა, გამომდინარე იქედან, რომ შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხია და ამასთან, არსებობს სახალხო დამცველის, წამებს ევროპული კონვენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშები,  რაც  მისი თქმით, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გასაანალიზებლად.

„რაც შეეხება ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის სისტემური პრაქტიკის აღმოფხვრას, მნიშვნელოვანია, რომ ეს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, აღმოფხვრილია. გამოწვევები, რომელიც შეეხება გარკვეული არაფორმალურ იერარქიებს თუ სტრუქტურას, შეიძლება არსებობდეს და ამიტომ მნიშნელოვანია, რომ დღეს სწორედ ყველა ეს პერსპექტივა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ პენიტენციურ დაწესებულებებში“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებზე და შესაბამის საზედამხედველო ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პარლამენტი გეგმავს ამ კუთხით შესაბამისი ცვლილებები საჭიროების მიხედვით განახორციელოს.

„რაც შეეხება პარლამენტის საზედამხედველო  ფუნქციებს. ამაზეც მიდის მუშაობა იმისთვის, რომ გაანალიზდეს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები და ახალი რეგლამენტი იქნა მიღებული და საქართველოს პარლამენტი აღიჭურვა ახალი საზედამხედველო ინსტრუმენტებით, თუ როგორ მუშაობს ეს ინსტრუმენტები, რა არის გასაუმჯობესებელი.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ კუთხით აკეთებს მოკვლევას და ანალიზს. არა მხოლოდ კომიტეტი. არსებობს სხვადასხვა ანალიტიკური დოკუმენტები ამასთან დაკავშირებით და პარლამენტი გეგმავს ამ კუთხით შესაბამისი ცვლილებები საჭიროების მიხედვით განახორციელოს, იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად განახორციელოს თავისი საზედამხედველო ფუნქციები. მათ შორის, ომბუდსმენის დახმარებით და მასთან თანამშრომლობით“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საშემოდგომო სესიაზე იგეგმება სახალხო დამცველის სრული ანგარიშის მოსმენა და მოხდება იმ მტკიცებულებების გაანალიზება, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა მოიპოვა.

„სახალხო დამცველის სრული ანგარიში წარმოდგენილია, რომელიც მართალია, რეგლამენტის მიხედვით საგაზაფხულო სესიის განმავლობაში უნდა განგვეხილა, სამწუხაროდ ვერ მოესწრო. გარწმუნებთ, რომ საშემოდგომო სესიის განმავლობაში, დაწყებისთანავე, ჩვენ გვექნება ამ ანგარიშის შინაარსობრივი და საგნობრივი განხილვა, ვინაიდან მე ყოველთვის მომხრე ვარ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიისა. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკას და არა მხოლოდ პოლიტიკაში, ხშირად და მათ შორის, პოლარიზაციის განმსაზღვრელიც არის ხოლმე, რომ დისკუსია იწარმოება არა მტკიცებულებებზე და ფაქტებზე  არამედ აღქმებზე და შეფასებებზე დაფუძნებით და თავისთავად,  სახალხო დამცველის ანგარიშიც ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, ის მტკიცებულებები, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა მოიპოვა გავაანალიზოთ და ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

საჯარო განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ასევე ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.