მნიშვნელოვანი ვიზიტია, საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ვისაუბრებთ იმ მიმართულებებზე, სადაც მეტი თანამშრომლობის გაღრმავება შეიძლება გვქონდეს - ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

"ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან", - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ შალვა პაპუაშვილის თურქეთში დღეს დაწყებულ ვიზიტთან დაკავშირებით.

სამხარაძის თქმით, საქართველოს დელეგაციას შეხვედრები ექნება თურქეთის ეროვნულ მეჯლისში.

"შეხვედრა გვექნება, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, წევრებთან და სხვა კოლეგებთან. ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენს შორის არსებობს ძალიან ბევრი საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ფორმატები, როგორც ორმხრივი, ასევე სამმხრივი თანამშრომლობის. შესაბამისად, ამ ვიზიტში ჩვენ ვისაუბრებთ იმ მიმართულებებზე, სადაც კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა და თანამშრომლობის გაღრმავება შეიძლება გვქონდეს", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მიწვევით ანკარაში გაემგზავრა.