მიუნხენის აეროპორტმა დრონების გამო ბოლო ორ დღეში მეორედ შეაჩერა მუშაობა

მიუნხენის აეროპორტი

გერმანიის ქალაქ მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტმა დრონების საფრთხის გამო უკანასკნელ ორ დღეში უკვე მეორედ შეაჩერა მუშაობა. ინფორმაციას გერმანული Bild-ი ავრცელებს.

„3 ოქტომბერს საღამოს დრონების გამო დაუდასტურებელი შეტყობინებების გამო საჰაერო მოძრაობის სამსახურმა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიუნხენის აეროპორტში ფრენები ჯერ შეზღუდა, ხოლო შემდეგ შეწყვიტა ახალ განკარგულებამდე“, - ციტირებს გამოცემა მიუნხენის აეროპორტის განცხადებას.

როგორც Bild-ი წერს, სამართალდამცველებმა აეროპორტთან ახლოს, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე დრონები აღმოაჩინეს.

ინციდენტის გამო მიუნხენის აეროპორტის ადმინისტრაციამ 23 რეისი სხვა აეროპორტებში გადაამისამართა, ხოლო 12 რეისი გააუქმა. კიდევ 46 რეისის შესრულების ვადამ გადაიწია.

მიუნხენის აეროპორტი დრონების გამო მუშაობას 3 ოქტომბერსაც აჩერებდა.