მინდა, მოვუწოდო ბიზნესს, გამაფრთხილებელი, თუნდაც ორსაათიანი გაფიცვა მოვაწყოთ - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

მინდა, მოვუწოდო ბიზნესს, გამაფრთხილებელი, თუნდაც ორსაათიანი გაფიცვა მოვაწყოთ, ერთდროულად ყველამ გააჩეროს საწარმო, გამოვიდეს გარეთ ერთი წარწერით – გავიფიცეთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, ეს იქნება გამაფრთხილებელი, სერიოზულად დამაფიქრებელი ხელისუფლებისთვის.

„2 000 ორგანიზაცია და ბიზნესკომპანია ერთად რომ დადგება და იტყვის, რომ ვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს, რათა კრიზისი განიმუხტოს, ეს არ არის უბრალო გაერთიანება. ახალი ბიზნეს საზოგადოება დაიბადა – თავისუფალი, მებრძოლი, რომელიც ყოველთვის ადგება და იტყვის თავის სიტყვას.

აქვე, პირდაპირ მინდა, მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც ორსაათიანი გაფიცვა მოვაწყოთ. ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავისი საწარმო, გამოვიდეს გარეთ, ერთი წარწერით – გავიფიცეთ. ეს იქნება გამაფრთხილებელი, ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი ხელისუფლებისთვის, რადგან შემდეგი გაფიცვა უკვე სხვანაირი შეიძლება, იყოს.

ხელში უნდა იქნეს აღებული ყველა ძალაუფლება, რადგან ეს ხალხი, იგივე ე.წ. პრემიერი ბიზნესის გადასახადებით იღებს ფულს და აქეთ მოდის და გემუქრება, იმის ნაცვლად, რომ ხელის გულზე გატაროს. მოვუწოდებ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ამ პროცესში ჩართული, მეგობრებო, მე არავის არაფერს ვაძალებ, მაგრამ მერე ძალიან გვიან არ იყოს, რადგან აქ საუბარი არ არის თქვენი კომპანიის კეთილდღეობაზე, აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე“, – წერს ხაზარაძე.