1765223510
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სუსს, რომელმაც უმოკლეს ვადაში, რამდენიმე ათეული მოწმის გამოკითხვით, დოკუმენტაციით, სრულად, დეტალურად შეისწავლა, თუ რასთან გვაქვს საქმე და დადო მარტივი და გასაგები პასუხი“ - პაპუაშვილი BBC-ის ფილმზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმთან დაკავშირებით ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სუსის გამოძიებით დადასტურდა, რომ „კამიტი“ საქართველოს სახელმწიფოს არასდროს არ შეუძენია.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც უმოკლეს ვადაში, რამდენიმე ათეული მოწმის გამოკითხვით, დოკუმენტაციით და ა.შ. სრულად, დეტალურად შეისწავლა, თუ რასთან გვაქვს საქმე და დადო მარტივი და გასაგები პასუხი ყველაფერთან დაკავშირებით. ყველა ეს საკითხი გამოკვლეულია და წერტილი დაესვა სპეკულაციას, რომელიც ძალიან ადვილი გასაშიფრი იყო.
დააკვირდით ერთ რამეს: BBC-ის ამ რეპორტაჟიდან, საზოგადოებასაც რომ ჰკითხოთ, ერთადერთი რამეა, რაც დაამახსოვრდა საზოგადოებას: პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი. ეს იყო მთავარი რაც უნდოდათ, როგორც ჩანს, ამ სიუჟეტის ავტორებს, რომ ეს მესიჯი ჩაედოთ. საბოლოო ჯამში, ამას დაესვა წერტილი, რომ ეს ე.წ. კამიტი არათუ გამოყენებული, ის არავის არც არასდროს ჰქონია შესყიდული. როგორც ჩანს, ეს ქიმიური ელემენტი, საქართველოს ტერიტორიაზეც არ არის ნამყოფი ისტორიულად, ასე რომ, მთავარ ტყუილს პასუხი გაეცა,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.











