მილიონები დაიხარჯა, რომ სააკაშვილის მოწამვლის თემა ყოფილიყო არაერთი წამყვანი საინფორმაციო საშუალების გვერდზე - ვოლსკი

გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ მილიონები დაიხარჯა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის თემა ყოფილიყო არაერთი წამყვანი საინფორმაციო საშუალების გვერდზე გამოქვეყნებული.

„მილიონები დაიხარჯა, რომ სააკაშვილის მოწამვლის თემა ყოფილიყო არაერთი წამყვანი საინფორმაციო საშუალების გვერდზე გამოქვეყნებული. პიარკამპანიაში უშველებელი თანხები სწორედ ამისთვის დაიხარჯა. დარწმუნებული ვარ, ამ დასკვნის მიუხედავად, ვითარება არ შეიცვლება და, პირიქით, უფრო გააფთრებით დაიწყებენ ბრძოლას, რომ ეს თემა დღის წესრიგიდან არ მოიხსნას. სააკაშვილი და მისი გარემოცვა თუნდაც პარალელური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს ამბობენ, მაგრამ გუშინ მიღებული დასკვნა ადასტურებს არა მხოლოდ სამედიცინო ფაქტს, არამედ იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების ნაცვლად ჩამოყალიბდა რევოლუციური კომიტეტები, რომლებიც შედგებიან მავნებელი ადამიანებისგან, რომელთაც ერთი სული აქვთ, როგორმე ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინონ საერთაშორისო თვალსაზრისით პოლიტიკურ და საინფორმაციო ველზე. ეს არის ძალიან შემაძრწუნებელი ფაქტი, რაც, სამწუხაროდ, ახასიათებს ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ განმეორებით ჩატარებული კვლევებით, რომელიც გერმანიაში ლიმბახის ლაბორატორიის მიერ ჩატარდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და არც ამჟამად არის.