1775124735
მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი
ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვნად გვესახება მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება. სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბრეთ უახლოესი პერიოდის კონკრეტულ გეგმებსა და პრიორიტეტებზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ასევე, განიხილეს დარგობრივი თანამშრომლობის ფართო პოტენციალი, რომელიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციის თემებს, ტურიზმს, თავდაცვასა და უსაფრთხოებას. კულტურას, განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებსა და სხვა მიმართულებებს.
„მისასალმებელია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყო ავიამიმოსვლა - ქუთაისსა და ბრატისლავას შორის, რაც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ჩვენს ხალხებს და მეტი ტურისტი იქნება როგორც სლოვაკეთში, ასევე საქართველოში.
ჩვენი შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი. ამასაც ძალიან გაგებით მოეკიდა ჩემი კოლეგა, რადგან ვიცით, ჩვენი როლი, საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში. შუა დერეფნის თემა საქართველოს გარეშე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია და ჩემმა კოლეგამაც აღნიშნა, ამიტომ უდიდესი პოტენციალია ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის - ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ სწორედ იმის დასტურია, რომ ეს შესაძლებლობები უფრო მზარდია და უფრო მეტი და მეტი ქვეყანა ინტერესდება, ამ რეგიონს მეტი ყურადღება მიაქციოს. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. უფრო მეტი ძალისხმევა იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის გამოჩენილი, რომ ეს პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია შუა დერეფნის სახით უფრო მეტად იყოს ათვისებული“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. იგი ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.










