მიხეილ ყაველაშვილი: მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, რა მიდგომებიც აქვთ. მიუხედავად ამისა, ქვეყნებს, რომლებიც ამ ქმედებებს სჩადიან, მივიჩნევთ პარტნიორებად - ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან. ჩვენი სურვილია ორგანიზაციის წევრი გავხდეთ

მიხეილ ყაველაშვილი

მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, რა მიდგომებიც აქვთ. მიუხედავად ამისა, იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ ქმედებებს სჩადიან, მივიჩნევთ პარტნიორებად, ისინი ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან. ჩვენი სურვილია და გაცხადებული ნებაა, რომ გვინდა, იმ ორგანიზაციის წევრი გავხდეთ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად“.

ყაველაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას ე.წ. ვაიმარის ქვეყნების წარმომადგენლების, ემანუელ მაკრონის, დონალდ ტუსკისა და ფრიდრიხ მერცი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ისინი აღნიშნავენ: „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.

„გავალთ ქუჩაში და ვხედავთ, როგორი უსაფრთხოა ჩვენი ქვეყანა. არავის გზავნილი არ მჭირდება, მეგობრები მყავს და როდესაც ჩამოდიან, თავად აღნიშნავენ საქართველოში არსებულ ვითარებას, მის უსაფრთხოებას, განვითარებას. ვინც ყოფილა ხუთი-ათი წლის წინ და ჩამოდის, თავად ხედავს პროგრესს. ვერ ერევიან იმას, რომ ხელისუფლებამ დაიწყო საკუთარი ეროვნული ინტერესებით ქმედება, ამის გამოძახილია ორმაგი სტანდარტები. ხან მხარზე დაგარტყამს, მოგესალმება, აბა, რა ხდება, დავიწყოთ ხვალიდან ურთიერთობაო, მაგრამ როცა დაინახავენ, რომ საქართველოს ვერ იყენებენ, არ იქცევა ისე, როგორც, მოლდოვა, უკრაინა, არ არის ამ ფერხულში ჩართული, შემდეგ არის ქმედებები, როგორ მოხდეს დაზიანება. ეს არის ლოგიკური ჯაჭვი. „დიფ სთეითის“ ნაწილია ის ძალები, რომლებიც ასე მოქმედებენ. ჩვენ რასაც ვამბობთ, რეალობაა. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? - საელჩოების განცხადება, დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, არჩევნების არაღიარება. მაგალითად, მეცხრე თუ მეათე არჩევნებში თავად ვიღებდი მონაწილეობას და ვხედავ პროგრესს, ტექნოლოგიური თვალსაზრისით როგორ წინ წავედით და ასე შემდეგ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბოლო არჩევნები იყო ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები, ამას ვხედავდით. ხომ გვახსოვს არჩევნები ექსცესებით, მოტაცებებით, ვიცით, რას ნიშნავს დარღვეული არჩევნები.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს კატასტროფა ხდებოდა, ეს ხომ ვიცით, გამოვლილი გვაქვს. ამ არჩევნებზე როცა ამბობენ, დაირღვა, არალეგიტიმურიაო, ვეუბნები, ფაქტი მითხარით-მეთქი და ვერ მოჰყავთ. მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, რა მიდგომებიც აქვთ. მიუხედავად ამისა, იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ ქმედებებს სჩადიან, მივიჩნევთ პარტნიორებად, ისინი ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან. ჩვენი სურვილია და გაცხადებული ნებაა, რომ გვინდა, იმ ორგანიზაციის წევრი გავხდეთ. „დიფ სთეითზე“ როცა ვსაუბრობთ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არის ძალა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს. ჩვენ გვაქვს ამის ლოგიკური ახსნა - ჩვენ არ დავყევით. იძულებული ვიყავით, კულუარული ინფორმაცია გარეთ გამოგვეტანა და საზოგადოებისთვის გვეთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა დადგებოდა კატასტროფის წინაშე, ჩვენ რომ ეს არ განგვეხორციელებინა. იძულებული ვიყავით და ვთქვით კიდეც, თუმცა 100%-ით არ გამოგვიტანია. საზოგადოებამაც უნდა გაიგოს, რომ ისევ თავიდან იწყება რაღაც პროცესი, ხომ ვადევნებთ თვალყურს ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკას, პუტინის დამოკიდებულებას, როგორ იქცევიან ევროკავშირის ლიდერები, რამდენად არის თანხვედრა, დღევანდელ დღეს მიდის ამ ყველაფერზე ბრძოლა. აქ შეიძლებოდა, უკრაინასთან ერთად, ჩვენი ქვეყანაც ყოფილიყო, ომში რომ ჩავრთულიყავით, შეიძლება, ჩვენც ამ პროცესში ვყოფილიყავით. ჩვენ წინასწარ დავინახეთ, რომ ეს პროცესები იქნებოდა. ვსაუბრობდით ომის დაწყების პირველ დღეებში, რომ ეს რეალობა დადგებოდა. რა გვაძლევდა ამის თქმის საფუძველს? - საკმაო გამოცდილება შევიძინეთ. ორმაგი სტანდარტის მიღმა, დავინახეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, პრინციპულად დავდექით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.