მიხეილ სააკაშვილი: ჩამკეტეთ რამდენიც გინდათ, მე გამოვალ ციხიდან, როგორც ნელსონ მანდელა ციხიდან პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში, თქვენ მოიტანთ „ვარდების რევოლუცია ორის“ ფუნქციას

მიხეილ სააკაშვილი

მთლიანად თუ ჩამკეტავთ და ხალხს არ დამანახებთ, არაუშავს, უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ. ლაპარაკობს, როგორც მიშა საუკეთესო დროს, მიხვრა-მოხვრა აქვს, როგორც მიშას და მთლიანად ჩემი ნააზრევი დაიდება მასზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ციხიდან გამოვა, როგორც გამოვიდა, მათ შორის ნელსონ მანდელა“.

„ასე რომ, ჩამკეტეთ რამდენიც გინდათ, მე გამოვალ ამ ციხიდან. რაც უფრო დიდხანს მამყოფებთ, მით უფრო დიდია ალბათობა ამის. გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში, როგორც დღევანდელი ბრაზილიის პრეზიდენტი გამოვიდა ციხიდან და გახდა პრეზიდენტი ისევ, როგორც დღევანდელი მალაიზიის პრემიერი პირდაპირ ციხიდან გახდა პრემიერი. თქვენ გააკეთებთ ამას, მოიტანთ „ვარდების რევოლუცია ორის“ როლს და ფუნქციას, ახალ ხელისუფლებას, მაგრამ ჩემი ფუნქცია არ არის ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა. ჩემი ფუნქციაა, ჩემთან ერთად მოვიყვანოთ სრულიად ახალი თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს დამოუკიდებელი კურსი, სწრაფი განვითარება, თვალში გამოვახედოთ თითოეულ ქართველს. ჩვენ მოვიტანთ სამართლიანობას, არ ვივლით ერთსა და იმავე საშინელ წრეზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.