1769284719
მგონი, არ არიან ამ მდგომარეობაში, ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ - ლევან მაჭავარიანი დებატების შესახებ ოპოზიციის შეფასებებზე
საჯარო დებატები სატელევიზიო სივრცეში. განახლებული ფორმატი და პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პირისპირ - პრემიერ მინისტრის ინიციატივა, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად, ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებზე სრული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს.
მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ სადავო საკითხები დებატების ფორმატში უნდა იყოს განხილული, რადგან ეს სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ოპოზიციის ნაწილი პირობებს აყენებს, მეორე ნაწილი ინიციატივას ეთანხმება. უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ დებატებს შეუძლია გარდამტეხი როლის შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ოპოზიციის მიერ წამოყენებულ ულტიმატუმს ეხმაურება. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ისინი არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს ულტიმატუმი წაუყენონ.
"დებატები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილი. საზოგადოების დაკვეთაც არის ეს ყველაფერი, მათ სურთ ერთ პლატფორმაზე მოისმინონ განსხვავებული აზრები და შემდეგ უკვე გამოიტანონ დასკვნები იმ არგუმენტებიდან გამომდინარე, რასაც წარმოვადგენთ ჩვენ, მეორე მხრივ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები.
შეიძლება იქ პოლიტიკოსები საერთოდ არ იყოს და იყვნენ კონკრეტული დარგის სპეციალისტები. რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებისთვის არის მხოლოდ სასარგებლო.
რაც შეეხება ულტიმატუმებს, მგონი, არ არიან ამ მდგომარეობაში, რომ ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ. ან რა შუაშია რაიმე ულტიმატუმი დებატებთან, პირდაპირ თქვან, რომ ეშინიათ დებატების, ვინაიდან სათქმელ არაფერი არ აქვთ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.











