მეც ბუნებით ჰუმანისტი ვარ და ყოველთვის მივესალმები სამართლიანად იმ ხალხის გათავისუფლებას, ვისაც რესოციალიზაცია სჭირდება - პაატა მანჯგალაძე პატიმრების შეწყალებაზე

პაატა მანჯგალაძე

პატიმრების შეწყალების გამო ოპოზიცია პრეზიდენტს აკრიტიკებს. მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულზე 613 მსჯავრდადებული შეიწყალა. "კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს" - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, ნაწილს კი პრეტენზია აქვს ინდივიდუალური საქმეების და რისკების შესწავლის ვადებთან დაკავშირებით. კრიტიკა ისმის არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც. "ამდენი პირი ერთდროულად ბოლო 10 წელია არც ერთ პრეზიდენტს არ შეუწყალებია" - წერს არასამთავრობოების ნაწილი.

ოპონენტების უკმაყოფილება არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ ოპოზიცია და მესამე სექტორი ჰუმანური აქტის წინააღმდეგია.

პლატფორმა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ის ყოველთვის მიესალმება სამართლიანად იმ ხალხის გათავისუფლებას, ვისაც რესოციალიზაცია სჭირდება და სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მას არ სჯერა, რომ პრეზიდენრმა საქმეები ჯეროვნად შეისწავლა.

"მეც ბუნებით ჰუმანისტი ვარ, მართლა. ყოველთვის მივესალმები სამართლიანად იმ ხალხის გათავისუფლებას, ვისაც რესოციალიზაცია სჭირდება და სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნებას აპირებს. მაგრამ, არ მჯერა, რომ ყაველაშვილი დაჯდა, საქმეების 10%-ი განიხილა და გადაწყვიტა, რომ ყველაზე კარგი ხალხი გამოუშვას. მე მგონია, რომ ეს არის წინასაარჩევნო დაპირება, ვალდებულება "ქართული ოცნების". რა ჰუმანურ აქტზეა საუბარი, ხალხი პლაკატების გაკვრის გამოა დაკავებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მგონია, რომ კრიმინალებთან ვალდებულება გადაიხადა "ქართულმა ოცნება", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია და სადაო არაფერია, თუმცა არსებობს კითხვის ნიშნები რა კრიტერიუმით შეირჩნენ ბენეფიციარები.

"ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი, აქ სადაო არაფერია. სადაო არის ის, რომ დღევანდელ მოცემულობაში, გარემოში - რა ანალიზის, შეფასების და კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუ მასში არ არიან "სინდისის პატიმრები", ის ადამიანები, რომლებსაც თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო ემუქრებათ ძალიან მძიმე პროცესები", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.