მელაძეს თავის ე.წ. გადაცემაში ჩემს ოჯახზე სიუჟეტი გაუშვია, სადაც რუსულ გავლენებს გვაბრალებს, ომის დროს, კოლექტიური ნაცები ერთმანეთს ასწრებდნენ ქვეყნიდან და დანა-ჩანგლით ებრძოდნენ რუსულ არმიას, რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე არც დღეს ამბობენ უარს - გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე

მელაძეს თავის ე .წ. გადაცემაში, ჩემზე და ჩემს ოჯახზე სიუჟეტი გაუშვია, სადაც რუსულ გავლენებს გვაბრალებს და ნარკოპოლიტიკასაც გვიწუნებს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.

ჩაკვეტაძის თქმით, მისი ძმა 2008 წლის ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და წლებია, რუსული პასპორტი აღარ ჰქონია, მამამისმა კი საკუთარი კლინიკა სამხედრო ჰოსპიტლად გადააკეთა, მაშინ, როდესაც კოლექტიური “ნაცმოძრაობის”წევრები ქვეყნიდან გარბოდნენ და რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე არც დღეს ამბობენ უარს.

„დღეს საღამოს ჩვენი ნაკრების თამაშია და ესენი ალბათ ისევ ზურგით იდგებიან, ამიტომ, ახლა დავწერ. მელაძეს თავის ე.წ. გადაცემაში, ჩემზე და ჩემს ოჯახზე სიუჟეტი გაუშვია, სადაც რუსულ გავლენებს გვაბრალებს და ნარკოპოლიტიკასაც გვიწუნებს. მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გახდა, 2008 წლის ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და წლებია, რუსული პასპორტი არ ჰქონია. ჯანდაცვის სამინისტროში სტაჟიორად დაიწყო მუშაობა, 2012 წლიდან კი, არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა. მათ, შორის, დევნილთა სააგენტოში და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრად. ბოლო ორი თვეა, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს - ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ომის დროს, მამაჩემმა, თავის ძმასთან ერთად, ქუთაისში საკუთარი კლინიკა სამხედრო ჰოსპიტლად გადააკეთა. ჩემი ოჯახის მეორე წევრი კი, როგორც მთავარი ქირურგი, თბილისსა და გორში მკურნალობდა ჩვენს გმირ ბიჭებს. ამ დროს, კოლექტიური ნაცები ერთმანეთს ასწრებდნენ ქვეყნიდან და დანა-ჩანგლით ებრძოდნენ რუსულ არმიას. რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე არც დღეს ამბობენ უარს. უფრო მეტიც, ჩვენი ჯარისგან ნაძარცვ ფულსაც აქტიურად იყენებენ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. თან, პროდასავლელებად მოაქვთ თავი. ნარკოპოლიტიკაზე კი, ამ დღეებში ბევრი ვთქვით და ისევ გავიმეორებ. თაობების გადასარჩენად ამ რეფორმას განსაკუთრებული როლი აქვს. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია უალტერნატივოა!" - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.