"მე, ზოგადად, წინააღმდეგი ვარ საბიუჯეტო თანხებიდან პარტიების დაფინანსების" - ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი-მეტი თავისუფელბა

ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიიდან, საბიუჯეტო თანხაზე უარი მხოლოდ კოალიციამ "ცვლილებისთვის" განაცხადა. ამასთან დაკავშირებით კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ზოგადად წინააღმდეგია საბიუჯეტო თანხებით პარტიები დაფინანსდეს.

"რაც შეეხება დაფინანსებას, მე, ზოგადად, წინააღმდეგი ვარ საბიუჯეტო თანხებიდან პარტიების დაფინანსების. ამ შემთხვევაში საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ კანონის კონკრეტული ნორმის დაცვით მოვითხოვეთ, რომ ეს დაფინანსება გაუქმებულიყო კოალიცია "ცვლილებისთვის." რამდენადაც მე ვიცი, არც ისინი აპირებენ აღებას," - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიიდან, რომელიც არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად აცხადებს, სამი არჩევნების საფუძველზე დაფინანსებას მიიღებს. საბიუჯეტო თანხაზე უარი მხოლოდ კოალიციამ "ცვლილებისთვის" განაცხადა. ცესკოს ინფორმაციით, "ერთობა - ნაციონალურ მოძრაობის," "ძლიერი საქართველოს" და "გახარია საქართველოსთვის" გუნდს უარის თქმის ვადა გუშინ ამოეწურათ. ამ გადაწყვეტილების გამო, პარტიები ერთმანეთს ღიად აკრიტიკებენ. ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტიებმა სხვები ამუნათეს და ბოლოს დაფინანსებაზე უარი თავად არ თქვეს. მას მალევე კრიტიკით უპასუხა მამუკა ხაზარაძემ. "როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე," - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, რომელსაც "ერთობა - ნაციონალური მოძრაობაც" ეთანხმება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დაფინანსებაზე უარის ართქმით, მათ არჩევნების შედეგები აღიარეს.