მე გამიკვირდა თინას განცხადება, იმიტომ, რომ არაფერი ამ სხდომაში არალეგიტიმური არ იყო - გიორგი ბარამიძე

გიორგი ბარამიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადავიდა. ბოიკოტში მყოფი თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილს და პეტრე ცისკარიშვილს პარტიის მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს. მოქმედმა თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომა არალეგიტიმურად, ხელმოწერები გაყალბებულად, შემაჯამებელი ოქმი კი გადამალულად გამოაცხადა.

ბოკუჩავა, რომელსაც უკვე მთელი გუნდი აუჯანყდა, ამტკიცებს, რომ პეტრე ცისკარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით - პარტიის წესდებას გვერდი აუარა და პოლიტსაბჭოს სხდომა კანონდარღვევით ჩაატარა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 5 აგვისტოს ყრილობის ლეგიტიმაციასაც.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი დაშლილ ოპოზიციურ ალიანსს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საკუთარ წარუმატებლობას მას აბრალებენ.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის' პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის თქმით, თინა ბოკუჩავას განცხადებები გაუკვირდა, რადგან გამართულ სხდომაში არალეგიტიმური არაფერი ყოფილა.

"მე გამიკვირდა თინას განცხადება, იმიტომ, რომ არაფერი ამ სხდომაში არალეგიტიმური არ იყო. რომ არ ყოფილიყო ქვორუმი, სხდომა არც ჩატარდებოდა. ოქმს მიიღებს თითოეული წევრი, მათ შორის, ბუნებრივია თავმჯდომარე ინტერესების შემთხვევაში. ვთვლი, რომ ქობულეთიდან ჩამოსვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, რადგან ასე ჩამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა რეგიონებიდან. მოგეხსენებათ, ჩვენი რეგიონული ორგანიზაციების თითოეული რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არის პოლიტსაბჭოს წევრი და ყრილობის დასანიშნად არავის, არანაირი მანიპულაცია არ სჭირდებოდა. ეს შეუძლია, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრებს - მთლიან შემადგენლობას, ასევე გენერალურ მდივანს. გენერალური მდივნისკენ იყო საყვედურები, მაგრამ გენერალურ მდივანს ამდაგვარი რაღაცების გაკეთება საერთოდ არ სჭირდება, მასაც შეუძლია წესდებიდან გამომდინარე დანიშნოს სხდომა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.