მათიკაშვილი: ასეთი რეაქციული ძალისგან, როგორიც არის ALDE, არ არის გასაკვირი ტყუილების კასკადი, რომელიც ამ რეზოლუციაშია - შეუძლიათ, ყველაფერი მოიტყუონ, გავიდა 1 წელი და არავის უნახავს არჩევნების გაყალბების ერთი სოლიდური დოკუმენტიც კი

დავით მათიკაშვილი

 ასეთი რეაქციული ძალისგან, როგორიც არის ALDE, ნამდვილად არ არის გასაკვირი იმ ტყუილები, სუბიექტივიზმის კასკადი, რომელიც ამ რეზოლუციის შიგთავსია, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ALDE-ს რეზოლუციის შეფასებისას.

მისი განცხადებით, ამ ძალას შეუძლია, ყველაფერი დაწეროს უარგუმენტოდ.

„მათ შეუძლიათ ყველაფერი მოიტყუონ უარგუმენტოდ, მტკიცებულების გარეშე. გავიდა 1 წელი და თვალით არავის უნახავს არჩევნების გაყალბების ერთი ღირებული, სოლიდური დოკუმენტიც კი, ეს ხომ ფაქტია.

თქვენ გახსოვთ არა მხოლოდ ALDE-ს, არამედ შიდა რადიკალების თუ საქართველოს გარე მტრების რამდენი განცხადება იყო გაკეთებული, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიდან დაწყებული. ამ პროცესის [არჩევნების] მაკომპრომეტირებელი ერთი სოლიდური მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი მტკიცებულება და როდესაც ამ სუბიექტივიზმის, ტყუილის და ანტიქართული რეაქციის ფორმატში კიდევ ერთ ისეთ რეზოლუციას მოვისმენთ, ერთი თეთრის ღირებულებაც რომ არ აქვს, ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს არის მიჩვეული“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, სამწუხაროა, რომ საზოგადოების თვალში ევრო ინტეგრაციის, ევროპასთან დაახლოების სურვილი თვითონ ევროპის წიაღიდან წამოსული მსგავსი სუბიექტივიზმიდან გამომდინარე უფრო მეტად მცირდება და ღრმავდება ევრო სკეპტიციზმი.

„ყველაფერი არის სწორედ იმ ევროპული სტრუქტურების, პარტიათა გაერთიანებების, ევროპარლამენტარების, ევრო ჩინოსნების დამსახურება, რომელთაც არც სიმართლის აღიარება არ უნდათ, არც ქართველი ხალხის ნება-სურვილისთვის თვალის გასწორება და ის უნდათ, გააკეთებინონ ქართველ ხალხს, რაც ქართველ ხალხს არ უნდა - ვერ ჩაერთვება ქართველი ხალხი ომში, ვერ მოიყვანს რევანშისტულ-აგენტურულ ხელისუფლებას კვლავ სათავეში და ვერ გააკეთებს იმას, რაც ქართული სახელმწიფოს ნება-სურვილის საწინააღმდეგოა. ამიტომ მიიღონ ის რეალობა, რაც არის ქართული რეალობა და ბუნებრივია ეს ურთიერთობა გაუმჯობესდება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) 25 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ პარტიულ კონგრესზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც „გმობს გაყალბებულ არჩევნებს“ საქართველოში და მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს ევროკავშირს.