მათი წერილი არის ანტისახელმწიფოებრივი, რადგან ცდილობენ, საპარლამენტო დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერდეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც 26 წელია ვართ - ლადო ბოჟაძე ოპოზიციაზე

ბოჟაძე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოპოზიციური სპექტრის წერილს გამოეხმაურა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.

ლადო ბოჟაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წერილი ანტიქართულია და ის მოითხოვს "ქართული ოცნების" უფლებამოსილების შეჩერებას იმ ორგანიზაციასთან, რომელიც საქართველოსთან 26 წელია თანამშრომლობს.

"რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია არის ქართული სახელმწიფოს, და არა "ქართული ოცნების" ოპოზიცია. PACE-თან დაკავშირებით მათი წერილი არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რადგან ისინი ცდილობენ, რომ შეუჩერდეს საპარლამენტო დელეგაციას უფლებამოსილება იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც 26 წელია ვართ.

თქვენ გახსოვთ, ევროსაბჭოს ეროვნული მდივნის ვიზიტი, მომხსენებლების ვიზიტი, ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი. ეს ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ახალია მანდატით არჩეულ "ქართულ ოცნებასთან" როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო დონეზე.

დარწმუნებული ვარ, რომ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაარწმუნოს ჩვენი პარტნიორები, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მომგებიანი არც საქართველოსთვის, და არც ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციისთვის.

ასევე ვფიქრობთ, რომ თავად საპარლამენტო დელეგაციის წევრებსაც ექნებათ გამბედაობა, რომ დაეყრდნონ სიმართლეს და არა იმ დეზინფორმაციას, რომელიც მათ ოპოზიციამ მიწოდა, რომელსაც ავალებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაინტერესებულნი არ არიან ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებით", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.