მათი საარჩევნო დაპირება არის ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც ნიშნავს ეკონომიკის ჩამონგრევას, საქართველოს შეყვანას სამხედრო დაპირისპირებაში. ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, თუ რას აძლევს ხმას - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

შალვა პაპუაშვილი

მათი საარჩევნო დაპირება არის ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც ნიშნავს ეკონომიკის ჩამონგრევას, საქართველოს შეყვანას სამხედრო დაპირისპირებაში. შესაბამისად, ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, თუ რას აძლევს ხმას, - განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, არსებობს რეალობა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკურად აქტიური, არჩევნებში ირებს მონაწილეობას და გარკვეულ მხარდაჭერას.

„ეს რა თქმა უნდა, არის პრობლემა ქართული დემოკრატიისთვის, როდესაც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი პარტიები არიან პოლიტიკურად აქტიური და ეძლევათ შესაძლებლობა, რომ გარკვეული გავლენა ჰქონდეთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვაინიციირებთ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დაპირება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობა რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ორგანიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ამომრჩევლებს, თავისთავად, წარმოუდგენელია, რომ ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. თუმცა, არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც ყველა ამომრჩეველი ატარებს და მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე ყველა ამომრჩეველმა ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ორწელიწადნახევარმა, მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ამომრჩეველს დაანახა, თუ ვისთან აქვს საქმე ამ პარტიების სახით.

„ესენი არიან პარტიები, რომლებიც, იმ ბანერზე რაც არის განთავსებული ფოტოები, ზუსტად ამ რეალობას უმზადებდნენ საქართველოს - დანგრეულ სკოლებს, მოედნებს, ეკლესიებს, ამ მომავლისთვის სწირავდნენ ეს პარტიები ქართულ საზოგადოებას და რაც მთავარია, ამას ჰპირდებიან კიდევაც.

თქვენ ნახეთ, რომ ორწელიწადნახევრის თავზე ევროკავშირის სტრუქტურებმა აღიარეს, თუ რა მოთხოვნა ჰქონდათ სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ევროპარლამენტის რეზოლუციაში საზოგადოებამ წაიკითხა ის, რაც ხელისუფლებამ დიდი ხანია, იცოდა, რასაც ხელისუფლებას დიდი ხანი ეუბნებოდნენ დახურულ კარს მიღმა და დაჟინებით ითხოვდნენ. ახლა უკვე საზოგადოებამ ნახა პირველწყაროდანვე, თურმე რას ითხოვდნენ ჩვენგან. ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის რეაქცია, რომ ისინი დიახ, შეასრულებენ ამ რეზოლუციაში ჩაწერილ მოთხოვნას და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაუწესებენ სანქციებს რუსეთს. ეს განაცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე „ლელომ“, რომელსაც მათ შორის, საარჩევნო პროგრამაში უწერია, რომ ყველა სანქციას შეუერთდება, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული და დაუწესებს რუსეთს ორმხრივ სანქციებს.

ასე რომ, მათი საარჩევნო დაპირება არის საქართველოს შეყვანა ესკალაციაში, ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც პირდაპირ ნიშნავს ეკონომიკის ჩამონგრევას, ჩამოშლას საქართველოში და ნიშნავს პირდაპირ საქართველოს შეყვანას სამხედრო დაპირისპირებაში. შესაბამისად, ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, თუ რას აძლევს ხმას, ამ პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება და არ მისცეს ხმა ომს, ნგრევას და საქართველოს ეკონომიკურ თუ სახელმწიფოებრივ ჩამოშლას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.