1782568495
მათი პოლიტიკური დასასრული გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, ახლა ჩვენ დასასრულის დასასრულს ვაკვირდებით - დავით მათიკაშვილი "ნაცმოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებაზე
მმართველი გუნდი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" და ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ "რადიკალური ოპოზიცია" პოლიტიკურ დასასრულს უახლოვდება, რაც მათი მავნებლური და ქვეყნისადმი მტრული დამოკიდებულების პირდაპირი შედეგია.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის რადიკალიზმისგან გასუფთავება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
"საკუთარი დეგრადირებული პოლიტიკური სახე რადიკალურმა ოპოზიციამ კვლავ დაანახა ჩვენს საზოგადოებას, ამაში გასაკვირი არაფერია. მათი ეს პოლიტიკური დასასრული გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა - დასასრულის დასასრულს ვაკვირდებით ახლა ჩვენ. ნულოვანი ნდობა საზოგადოებისგან, მუდამ ძიება მხარდაჭერისა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და არა საკუთარ ამომრჩეველთან, საკუთარი სამშობლოსადმი მტრული და მავნებლური დამოკიდებულება და კიდევ ბევრი სხვა მიზეზი არის იმის განმაპირობებელი, რაც ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში", რაც ხდება ალიანსში. ის პოლიტიკურად სრულიად გაცვეთილი სახეები, რომელთაც ყველამ კარგად იცის, არანაირი უნარი არ გააჩნიათ რაიმე პოზიტიური თვითონ ამ პარტიისთვის მაინც გააკეთონ. ნაცების ბელადი სწორედ ასეთი სახეების წამოწევას ცდილობს ახლა პოლიტიკურ ზედაპირზე. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ლანდშაფტის ამ რადიკალიზმისგან გასუფთავებით დასრულდება, რაც აუცილებელი წინაპირობაა ჩვენი ქვეყნის კვლავ დემოკრატიული აღმშენებლობის გაღრმავებისთვის, რამეთუ ჯანსაღი ოპოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ ეს პროცესები პოზიტიურად განვითარდეს," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. პარტიის წევრები ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ თავმჯდომარეობიდან გადაყენებულ თინათინ ბოკუჩავას მუშაობის სტილს უწუნებენ. თავის მხრივ, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მსჯავრდადებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი მას თავისუფლად ლავირების საშუალებას არ აძლევდა, რის გამოც არაეფექტიან გადაწყვეტილებებს იღებდა.
ამასობაში, უკვე დადასტურებულია, რომ თავმჯდომარეობის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი მხარს ნანუკა ჟორჟოლიანზე უჭერს, ანა წითლიძე კი არ გამორიცხავს, რომ პოლიტსაბჭოზე, შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურაც დააყენოს.












