მათი აზრის მოსმენა გვინდა, როგორ აფასებენ, რომ ფასნამატი ევროპაში 20%-30%-ია, ხოლო საქართველოში 65%-ს სცდება - თენგიზ შარმანაშვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე

თენგიზ შარმანაშვილი

ფასების რეგულირება პროდუქტებზე, წამლებსა და საწვავზე - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. 13:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო კომისია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. ეს იქნება რიგით მეხუთე სხდომა, მანამდე უკვე გაიმართა შეხვედრები ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებსა და მეწარმეებთან.

პარალელურად, მომდევნო კვირიდან იქმნება სპეციალური კომისია პარლამენტში, რომელიც ასევე იმუშავებს სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხზე.

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან მათ სხვადასხვა კითხვები ექნებათ.

"გვექნება კითხვები და მათი აზრის მოსმენა გვინდა - როგორ აფასებენ იმას, რომ ფასნამატი ევროპაში 20%-30%-ია, ხოლო საქართველოში 65%-ს სცდება, რით ხსნიან ამას?! რამდენად არის შესაძლებელი ამ ვითარების გამოსწორება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ არც საქართველოს ეკონომიკური განვითარება დაზიანდეს და ფასწარმოქმნაც არ იყოს ზემოგებაზე ორიენტირებული.

თუ ამ ნაწილში რაიმე საკანონმდებლო ცვლილება იქნება განსახორციელებელი და მე ვვარაუდობ, რომ იქნება, ამ ნაწილზე საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომისიაც იმუშავებს და მთავრობასთან ერთად დააინიციირებს, შემდეგ კი მოახდენს ცვლილებებს კანონმდებლობაში," - აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.