მათ არ უნდოდათ ამ უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა... იძულებულნი გავხდით, ინფორმაცია მიგვეწოდებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის - პაატა სალია ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

პაატა სალია

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა სალია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რადგან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, შესაბამისად, კომისიამ ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებას.

"მოვისმინეთ ნათლად მათი მონაწილეობის შესახებ იმ მოქმედებების შესახებ, რაშიც პირდაპირ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ინტერესები იკვეთებოდა და ეს პირები გამოყენებულ იქნენ სწორედ კერძო პირის ქონების ხელში ჩაგდების მიზნით და საინტერესო იყო მათ ამაზე პასუხი გაეცათ, თუმცა თავის არიდების მთავარი მოტივი სწორედ იყო, რომ მათ არ უნდოდათ ამ უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

კომისიაზე არ გამოცხადება, ასევე, განზრახ არასწორი ჩვენების მიცემა ან ჩვენებისაგან თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლით უპასუხისმგებლობას, შესაბამისად, ჩვენ იძულებულნი გავხდით, ინფორმაცია მიგვეწოდებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირები არ გამოცხადდნენ კომისიის სხდომაზე," - აღნიშნა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს ბრალი წაუყენეს. საუბარია 349-ე მუხლზე, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას.

საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე, მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის ოქმს ხელი მოაწერა. ხაზარაძე რამდენიმე დღის წინ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. საქმე პროკურატურას მას შემდეგ გადაეცა, რაც მამუკა ხაზარაძემ უარი თქვა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე.

კომისიამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე "მაგნატის" საქმის განხილვაზე დაიბარა, რომლის მფლობელიც აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, მას ბიზნესი წაართვეს, ეს კი დავით კეზერაშვილის დავალებით და "თი ბი სი" ბანკის ხელმძღვანელების მონაწილეობით მოხდა.