„მეუღლეს დაშორდი?“ - თათა გიორგობიანის პასუხი
1792353291
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც ორუელისა და ჰაქსლის ნაწარმოებებს თანამედროვე გლობალურ პოლიტიკას ადარებს და ამტკიცებს, რომ დასავლეთში გამეფებული ცენზურა, შიში და ხელოვნური კრიზისები ევროპის დამორჩილებას ისახავს მიზნად.
ტექსტში დეტალურად არის განხილული, თუ როგორ იყენებს "დიფ სთეითი" ტერმინებს - "რუსულს" და "რუსეთის ინტერესების გამტარებელს" - იმ ძალების დისკრედიტაციისთვის, რომლებიც ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტრადიციულ ღირებულებებს იცავენ.
შათირიშვილის განცხადებით, ამის ნათელი მაგალითია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია: მაშინ, როდესაც ოპონენტები მას რუსულ კავშირებს აბრალებენ, ვერ ასახელებენ ვერცერთ ფაქტს, თუ რა სარგებელი მიიღო რუსეთმა საქართველოსგან ბოლო 14 წლის განმავლობაში, ივანიშვილის მიერ საქართველოში ჩადებული მილიარდობით დოლარის ინვესტიცია კი სწორედ ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.
"ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა" - ეს ლოზუნგი ჯორჯ ორუელისეულ "ორაზროვნების" ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც სამი ტოტალიტარული სახელმწიფოდან ერთ-ერთის, "ოკეანიის" მთავრობა და მმართველი პარტია საზოგადოების მართვისთვის იყენებს. აღნიშნული პრინციპი აიძულებს ადამიანებს დაიჯერონ ერთი შეხედვით, ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ისე, რომ ეჭვიც არ გაუჩნდეთ.
ბუნებრივია, რომ ამგვარ სამყაროში ასეთი გარემოს შესაქმნელად კონკრეტული მექანიზმებიც არსებობს, რომელიც მუდმივ პროპაგანდასა და წარსულის ყოველდღიურ გადაწერაში აისახება, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. "ოკეანიაში" "აზრის პოლიცია" ადამიანებს არასწორი ფიქრებისა და სახელმწიფოს მიერ ჭეშმარიტებად გამოცხადებული ნარატივის შესახებ ოდნავი ეჭვის გაჩენისთვისაც კი სჯის. საბოლოოდ პარტია საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტზე ტოტალურ კონტროლს აწესებს და ასე, ამ არაადამიანური ფორმით ინარჩუნებს აბსოლუტურ ძალაუფლებას.
კიდევ ერთი დისტოპიური რომანი ოლდოს ჰაქსლის "საოცარი ახალი სამყარო", რომელიც ასევე ტოტალიტარულ სამყაროზე გვიყვება, რომელშიც ადამიანები ინკუბატორებში იბადებიან და დაბადებისთანავე კონკრეტული კასტის წარმომადგენლები ხდებიან. აკრძალულია ემოციები, მონოგამიური ურთიერთობები, ოჯახის შექმნაზე ფიქრი და სიყვარული დრომოჭმულ მოვლენად, ერთგვარ ჩამორჩენილობად ითვლება და სხვებისგან გარიყვას განაპირობებს. ამგვარ მოცემულობაში, სადაც მეცნიერება და ტექნოლოგიები ტოტალური კონტროლის საშუალებებად იქცა, მთავარი ღირებულება მუდმივი გართობა და ზედაპირული სიამოვნების მიღებაა, ყველაფერი ყველას ეკუთვნის, ინდივიდუალიზმი ქრება, სტრესის გასამკლავებლად კი სახელმწიფოს მიერ ლეგალურად დაშვებული ნარკოტიკული საშუალება გამოიყენება, რომელიც სევდას აქრობს და ხელოვნურად ბედნიერების ილუზიას ქმნის.
"1984"-სა და "საოცარ ახალ სამყაროზე" საუბარი უსასრულოდ შეიძლება, მით უმეტეს, რომ ორივე მათგანი ერთგვარ გაფრთხილებად და წინასწარმეტყველებად ითვლება, თუ საით შეიძლება განვითარდეს კაცობრიობის მომავალი. ორივე მათგანში აღწერილია საზოგადოება, სადაც ინდივიდუალიზმი, ფაქტობრივად განადგურებულია, წაშლილია წარსული და ისტორია, მართვის სადავეების შენარჩუნებისთვის მიმდინარეობს ტოტალური კონტროლი, აზროვნება კი შეზღუდულია. ამის მიუხედავად, მკაფიოდ ჩანს კონკრეტული განმასხვავებლებიც. მაგალითად, თუ ერთ შემთხვევაში კონტროლის მექანიზმად გართობა და სიამოვნება გამოიყენება, ორუელი ისეთ მოცემულობას აღწერს, სადაც სისტემა ადამიანებს შიშით და ძალადობით მართავს. “საოცარ ახალ სამყაროში” სიმართლეს, რომელიც არავის აინტერესებს, არავინ მალავს, თუმცა ის კარგად არის ჩამარხული უსარგებლო ინფორმაციის მიღმა, “1984”-ში კი ყველანაირი ინფორმაცია მკაცრ ცენზურას ექვემდებარება. ამის გარდა ორუელისეულ რეალობაში სახელმწიფო მუდმივად ნეგატიურ ემოციებს - შიშს, ზიზღსა და სიძულვილს ნერგავს, ბავშვებს ჯაშუშებად ზრდის და საკუთარი მშობლების დაბეზღებას ასწავლის, ჰაქსლისეულ დისტოპიაში კი, ძლიერი ემოციები, ფაქტობრივად, აკრძალულია, მოსახლეობა ხელოვნურად შექმნილ კმაყოფილებას განიცდის, ოჯახური ურთიერთობები კი აღარ არსებობს, ბავშვები ლაბორატორიებში იბადებიან, მშობლის ცნება კი წარსულის სამარცხვინო მხარედ მიიჩნევა.
დღევანდელ დასავლურ სამყაროში, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპაში, არ არსებობს დიდი ქალაქი, სადაც, სურვილის ქონის შემთხვევაში, ადამიანი არალეგალური ნივთიერების შეძენას ვერ მოახერხებს. ამ ყველაფრის მიზანი კი ღირებულებებისგან დაცლილი, ზედაპირული სიამოვნების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული ერთგვაროვანი მასის ჩამოყალიბებაა, რომელიც უსიტყვო მორჩილებაში მყოფი, ყველაზე მარტივი საკონტროლებელი იქნება, პარალელურად კი შეასრულებს ყველაფერს, რასაც მმართველი ელიტა გადაწყვეტს.
იმის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს „დიფ სთეითის“ მეთოდები და რა მექანიზმებით ავრცელებენ სხვადასხვა ქვეყანაში კონკრეტულ იდეოლოგიას, საქართველოში მათი სტაჟიანი აგენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებია. ბუნებრივია, იმისთვის, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაზე, ომის რიტორიკის გამძაფრებასა და საკუთარი ხალხისთვის საფრთხის განზრახ ზრდაზე თანახმა იყოს, ამა თუ იმ აგენტს, შესაბამისი ფსიქიკური მდგომარეობაც უნდა გააჩნდეს, რისთვისაც სააკაშვილი იდეალური კანდიდატი აღმოჩნდა. იმის გარდა, რას აკეთებდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და როგორ ცდილობდა „ახალი ქართველის“ შექმნას, არ უნდა დავივიწყოთ, რომ 2008 წელს, რუსთაველზე დამარცხებული ომი იზეიმა, საზოგადოებას კი უმტკიცებდა, რომ ტერიტორიების მხოლოდ 20 პროცენტის ოკუპაცია და უპირობო გამარჯვებას ნიშნავდა. ბუნებრივია, იმ პერიოდში, ქართველმა ხალხმა მისი ნარატივი არ დაიჯერა, თუმცა, მის მოღალატეობრივ განცხადებებს არც საპირისპირო რეზონანსი გამოუწვევია, რადგანაც ომის შემდეგ საზოგადოება საკმაოდ რთულ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, პარალელურად კი არ არსებობდა დამოუკიდებელი მაუწყებელი, რომელშიც ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირების საშუალებას ვინმეს ღიად მისცემდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „პაციენტი“ სააკაშვილი დღესაც დაბეჯითებით ამტკიცებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რომ რუსეთი 2008 წელს „სასტიკად დაამარცხა“, თუმცა 2008 წლისგან განსხვავებით, ამჯერად ეს ბოდვა საზოგადოებისთვის სწორედ მისი გონებრივი და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებისთვისღა თუ გამოდგება.
კიდევ ერთი მოცემულობა, რომელიც სააკაშვილის რეალურ გონებრივ შესაძლებლობებზე მეტყველებს, მისი დღევანდელი პოზიციები და იმავეს მტკიცებაა, რაზეც 2008 წელს საუბრობდა. ბუნებრივია, იმ გლობალური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და კონკრეტულ იდეოლოგიებსა თუ ნარატივებს ქმნიან, შემდეგ კი სააკაშვილის მსგავს აგენტებს დავალებას აძლევენ, საკმაოდ დიდი გავლენის, გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ადამიანები არიან, შესაბამისად, მათ ზუსტად იციან, რომ დღესდღეობით რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაზე საუბარი, მით უმეტეს, რომ ქართველი ხალხისთვის ყველაფერი უკვე დიდი ხანია ნათელია, უკუშედეგის მომტანია. როგორც ჩანს, ურესურსოდ დარჩენილი, როგორც ადგილობრივი, ისე სტრასბურგის სასამართლოს მიერ არაერთ დანაშაულში მხილებული ყოფილი დიქტატორი მისი პატრონებისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს და დავალებებსაც აღარ იღებს, ის კი დამოუკიდებლად მოქმედებას ვერ ახერხებს და კვლავ 20 წლის წინანდელ ლოზუნგებს იმეორებს, რითაც უფრო და უფრო კომიკური ხდება. იქამდე მივიდა, რომ სასამართლოზე, ხან საკუთარი ავატარის შექმნაზე საუბრობს, ხან ქართულ, ხან კი უკრაინულ ჰიმნს მღერის. ხან სიკვდილი პირას არის, ხან სასწაულებრივად განიკურნება და ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას გვპირდება.
ღირებულებებისგან დაცლილი საზოგადოებების კიდევ უფრო დასუსტება მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების ზრდითა და გაღარიბებით არის შესაძლებელი, ამის მისაღწევად კი, საუკეთესო გზა ბოლო პერიოდში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომრავლებული ომებია, რომლებიც, ცხოვრებისთვის აუცილებელ პროდუქტებზე ფასის ზრდას ბუნებრივად იწვევს, რაც, დღესდღეობით, განსაკუთრებით დიდ პრობლემას ევროპას უქმნის. მეორე მხრივ, საკუთარი მოქალაქეებისთვის სხვა ქვეყნებში მიმდინარე ომზე მითითება და გამუდმებული პროპაგანდირება, რომ ომი კარზეა მომდგარი, დიფ სთეითის მორჩილ კონკრეტულ ლიდერებს, საზოგადოების აზრით მანიპულირებისთვის შესანიშნავ პირობებს უქმნის. საბოლოოდ, აქამდეც არაერთხელ მისაუბრია, რომ ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანი, ეკონომიკურად ჩამოშლილი, ომისაგან დაღლილი ევროპის ღიად დაქვემდებარება და კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, თუმცა, ამას არა ვალდებულებითი ხასიათი უნდა ჰქონდეს, არამედ უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად უნდა მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს.
ბუნებრივია, საზოგადოების საკუთარი შეხედულებისამებრ მართვის მცდელობებისა და მათ მიერ კონტროლირებად მედიაში თეთრზე შავის მტკიცების მიღმა, “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან. ამ ფონზე კი, ნათლად იკვეთება მათთვის დამახასიათებელი უმთავრესი მეთოდი - მას, ვინც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილი არ არის, უნდა დააბრალონ სწორედ ის, რასაც თავად აკეთებენ და ეს, რომ ასეა, რამდენიმე კონკრეტული მაგალითის ფონზე შეგვიძლია უკეთ დავინახოთ.
კიდევ ერთხელ განვმეორდები - „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი ევროპის ეკონომიკურად ჩამოშლა, მისი ომში რაიმე ფორმით ჩათრევა, შემდეგ გლობალური კორპორაციების საშუალებით კონტინენტის „გადარჩენა“, ამის შემდეგ ოლიგარქიული მმართველობის პირდაპირ, საზოგადოების მოთხოვნით დამკვიდრება, ამ პროცესში კი ინსტრუმენტად კორპორაციული ლოგიკის გამოყენებაა. ასეთ პირობებში კი მათ სჭირდებათ, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო, ორგანიზაცია და ხელისუფლება დაიქვემდებარონ. ხოლო თუკი ვინმე გაბედავს, მათ წინააღმდეგობას გაუწევს და საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვაზე იზრუნებს, მაშინვე რომელიმე იმ ქვეყნის აგენტის იარლიყს მიაწებებენ, რომელიც საჯარო კომუნიკაციაში, „დიფ სთეითის“ მორჩილი ქვეყნების მტრად აღიქმება და ნებისმიერ მანკიერებას, რასაც პოლიტიკურ პროცესში შეიძლება ჰქონდეს ადგილი, აღნიშნული სახელმწიფოს ექსკლუზივად გამოაცხადებენ, პარალელურად კი დააბრალებენ ყველაფერს, რასაც თავად სჩადიან," წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.