მართალია გახარიას პარტია არ უერთდება ე.წ. პარლამენტს, მაგრამ ამ პარლამენტის წიაღში, თუნდაც ქაღალდზე არავინ არ უნდა ირიცხებოდეს - გრიგოლ გეგელია

გრიგოლ გეგელია

გიორგი გახარიას გუნდი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობს, თუმცა მანდატების შეწყვეტაზე საკანონმდებლო ორგანოს არ მიმართავს. პარტია "საქართველოსთვის" პოზიცია უკვე უფლებამოსილება შეწყვეტილი გუნდებისთვის ბუნდოვანია. ისინი კოლეგისგან მეტ სიცხადეს მოითხოვენ და მიუთითებენ ერთიანი პოზიციის მნიშვნელობაზეც.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას გუნდი უარს აცხადებს საპარლამენტო საქმიანობაზე, აუცილებელია ეს ყველაფერი დოკუმენტზეც გაფორმდეს.

"მართალია გახარიას პარტია არ უერთდება ე.წ. პარლამენტს, რაც, რა თქმა უნდა, არის სწორი და მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ პარლამენტის წიაღში თუნდაც ქაღალდზე არავინ არ უნდა ირიცხებოდეს. არავინ არ უნდა იყოს ქართული ოცნების გვერდით, თუნდაც თეორიულად," - ამბობს გრიგოლ გეგელია.

პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ გახარიას გადაწყვეტილებას პოლიტიკური სიცხადე სჭირდება.

"ნამდვილად ვისურვებდი, რომ ამგვარ სტრატეგიულ ბუნდოვანებას, რომლის შენარჩუნებასაც თითქოს და ახლა გახარია ცდილობს, ამჯობინოს მორალური და პოლიტიკური სიცხადე, სადაც გვეცოდინება, ის ხელს უწყობს რეჟიმის ლეგიტიმაციის შენარჩუნებას თუ აკეთებს საერთო ოპოზიციურ ეროვნულ-სახალხო საქმეს. ლეგიტიმაციის მინიჭების ნებისმიერი მცდელობა არის დიდი საერთო ოპოზიციური, ასევე საზოგადოებრივი და ეროვნული მიზნების წინააღმდეგ მიმართული მოქმედება." - ამბობს თინა ბოკუჩავა.