მართალია, აშშ-ის პოზიცია შეიცვალა, თუმცა რჩებიან ისევ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ფული გამოიყენონ, რათა სხვა ქვეყნების არჩევნებზე გავლენა მოახდინონ - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

"ამგვარი პროექტებით ქვეყნის არჩევნებში ჩარევა ხდება. ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ეს პრაქტიკა ამხილა და ამგვარი სახის დაფინანსებები ზუსტად იმ საფუძვლით შეწყვიტა, რომ ასეთი თანხები სხვა ქვეყნებში არჩევნებში ჩასარევად მიემართებოდა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა, გარკვეულწილად, სხვა ფონდებით ხდება ჩანაცვლება.

"დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცხადებული გრანტი ვნახეთ, რაც აჩვენებს, რომ მართალია, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია შეიცვალა, თუმცა ისევ რჩებიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, ფული გამოიყენონ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების არჩევნებზე გავლენა მოახდინონ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, პირადად მე, კორუფციასაც ვეჭვობ. ეს გამოცხადებულია, როგორც კონკურსი. აქ ვართ და მთელი მოსახლეობა დაინახავს, რომ ამ ფულს ისევ "ისფედი" მიიღებს. ჩემი აზრით, უკვე წინასწარ ცნობილია, ვის უნდა გადაეცეს ეს ფული. თუ არადა, დადასტურდება, იქნებიან თუ არა იგივე ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე არჩევნებთან დაკავშირებულ ანგარიშებს დადასტურებულად აყალბებდნენ. რა თქმა უნდა, პროცესს დავაკვირდებით და მოსახლეობაც ნახავს, რომ ესეც ფარსია, თითქოს რაღაც კონკურსი ცხადდება და ორგანიზაციები მონაწილეობას მიიღებენ.

სიტუაცია გვექნება, რომ მილიონერი "ენჯეოები" ამ ფულს მიიღებენ, რადგან უკვე წინასწარ არის განსაზღვრული, ამ ფულს ვინ მიიღებს. ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადება ვნახეთ, როდესაც მათ ქართველი მოსამართლეების მიმართ გარკვეული შეზღუდვები შემოიღეს, რაც კორუფციასთან ბრძოლით გაამართლეს. ჩემი აზრით, ეს არის მაგალითი, რითიც დადასტურდება, რომ აქ არის კორუფციული ხასიათის გარიგებები, როცა წინასწარ ცნობილია, ვის უნდა მისცენ თანხა. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა ფართოდ დამკვიდრებულია ზოგიერთ დონორ ორგანიზაციაში, როცა კონკურსები ცხადდება და სინამდვილეში ეს მხოლოდ თვალთმაქცობა და განსაზღვრულია, თანხას ვინ მიიღებს. ხედავთ, რომ მილიონები აკუმულირდება ხუთი-ექვსი "ენჯეოს" ჯიბეში", – განაცხადა პაპუაშვილმა.