ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
ევროკომისარ მარტა კოსის იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციის აგენტობასთან შესაძლო კავშირის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, კოსის შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციების სისწორე გამოძიებამ უნდა დადგინოს.
„ის, რაც რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირის კედლებში გაჟღერდა და ეხება სლოვენიელი პუბლიცისტის იგორ ომერზას მიერ გამოქვეყნებულ წიგნს, რომელიც მან მიუძღვნა მარტა კოსს, როგორც იუგოსლავიის და სლოვენიის სპეცსამსახურების ყოფილ აგენტს, მოიცავს იმდენ საარქივო მასალას და ოპერატიულ დოკუმენტს თავისი ოპერატიული მეტსახელებით, რომ მართლაც წააგავს სიმართლეს. ამას დაადგენს გამოძიება. ჩვენ მარტა კოსის ნაცვლად თავს ვერ ვიმართლებთ და ვერც გამოვძვრებით ამ ძალიან უხერხული მდგომარეობიდან. როგორც მინიმუმ, მისი საკითხით უნდა დაინტერესდეს ევროკომისია, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც სპეციალური მოკვლევა უნდა ჩაატაროს, ვის ჩააბარა გაფართოების საკითხებში ევროკომისია - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელს, თუ უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე ადამიანს,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
ექსპერტმა არ გამორიცხა იმის ალბათობა, რომ მარტა კოსი მართლაც იყო იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციის აგენტი. ქართველიშვილმა გაიხსენა, როგორ მოქმედებდა, მაგალითად რუსული სპეცსამსახურები აგენტურული ქსელის საიდუმლოს შენარჩუნების მიზნით. „ამის ალბათობა ძალიან მაღალია. თუ შევადარებთ საბჭოთა კავშირის დაშლას და იუგოსლავიის დაშლას, მოსკოვმა საქართველოში პირველი რაც გააკეთა, იყო ის, რომ საქართველოდან გაიტანა „კგბ“-ს საარქივო მასალები, რომელიც მოიცავდა აგენტურულ მონაცემებს. ვერც იუგოსლავიიდან ანალოგიური დოკუმენტების გატანას გამოვრიცხავთ, ვინაიდან პრეცედენტი არსებობს და ის, რომ იუგოსლავიის სპეცსამსახურები მუდმივად, „კგბ“-ს კონტროლის ქვეშ იყო, არავითარ ეჭვს არ იწვევს,“ - დასძინა ქართველიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად შეიძლებოდა ევროკომისარი გამხდარიყო შანტაჟის ობიექტი. „შანტაჟი ერთია, მაგრამ მარტა კოსი უნდა განვიხილოთ მისი საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე. მან ამ პოსტზე ოლივერ ვარჰეი შეცვალა, რომელიც მართალია არაობიექტური იყო საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ამის მიუხედავად, მას შეეძლო ჩვენთან დიპლომატიური ენა გამოეყენებინა. ის ჩამოსულიც იყო საქართველოში, რათა გასცნობოდა ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენ მიერ გაწეულ სამუშაოებს. მარტა კოსს კი, ეს უბრალოდ არ აინტერესებს," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.