მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1783877073
რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, 2026 წელი არაერთი გამოწვევით არის სავსე, მათ შორის ავიაციისა და ტურიზმის სექტორისთვის. თუმცა, სწორედ ასეთ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ამაზე მეტყველებს ბოლო პერიოდის მონაცემებიც, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალი ეტაპის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადის შთამბეჭდავი შედეგების ეფექტი ტურიზმის სექტორის წარმატებაზეც აისახა.
„2025 წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ასევე, წინა წელთან შედარებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. რეკორდულ ნიშნულს მიაღწია რეისების რაოდენობამაც. განხორციელდა თითქმის 38,000 რეისი, რაც 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიმართულების კუთხითაც 49%-იანი ზრდა ფიქსირდება. ეს შთამბეჭდავი შედეგები, რა თქმა უნდა, პირდაპირპროპორციულად ისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ 2025 წელი ამ მიმართულებითაც იყო განსაკუთრებით წარმატებული.
პრემიერ-მინისტრმა უკვე აღნიშნა, რომ ჩვენ ქვეყანაში ვუმასპინძლეთ რეკორდული რაოდენობის თითქმის 5.5 მილიონ ტურისტს, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების თვალსაზრისით ეს გახლავთ 7 მილიონ 800 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ გასულ წელს რეკორდული შემოსავალი მიიღო ტურიზმის სექტორიდან 4 მილიარდ 700 მილიონი ამერიკული დოლარის სახით, რაც წლიურად 6%-იან ზრდას გულისხმობს. ეს მაჩვენებლები ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ინტერესი იზრდება. საქართველო სულ უფრო მეტად იკავებს საკუთარ ადგილს გლობალურ სატრანსპორტო და ტურისტულ რუკაზე, ხოლო ჩვენი ინფრასტრუქტურა ამ მზარდ მოთხოვნას შესაბამისი ტემპით უნდა პასუხობდეს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ქვეყანაში სააეროპორტო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგიონში საქართველოს მზარდმა როლმა ახალი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების შექმნა აუცილებელი გახადა.
„სწორედ ამ მიზნით ვიწყებთ ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საავიაციო შესაძლებლობებს. პარალელურად, ვაგრძელებთ რეგიონული აეროპორტების ხელშეწყობას: უახლოეს მომავალში დაგეგმილია თელავის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტის განვითარება და მესტიის აეროპორტისთვის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა. ამავე ლოგიკური განვითარების ნაწილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაც. მგზავრთნაკადის უწყვეტმა ზრდამ და საქართველოს მზარდმა როლმა რეგიონში ახალი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების შექმნა აუცილებელი გახადა.
დღეს დაწყებული პროექტის ფარგლებში TAV Airports-ი 2026-2028 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებასა და განვითარებაში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. ამ ინვესტიციის შედეგად აეროპორტი შეძლებს უფრო მეტი მგზავრისა და ავიარეისის მიღებას, არსებული სამგზავრო ტერმინალი მნიშვნელოვნად გაფართოვდება, რის შედეგადაც აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონამდე გაიზრდება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ოპერაციული შესაძლებლობები და მომსახურების ხარისხი“, – აღნიშნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აეროპორტის გაფართოების პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და საავიაციო ჰაბის პოზიციას, გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის.
„დარწმუნებული ვარ, დღეს დაწყებული სამუშაოები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს მსოფლიოს და სრულად აითვისოს საკუთარი სატრანზიტო, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი“, – განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა TAV Airports-ს, Groupe ADP-ს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს.