მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიასთან, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და სსფ-ს შორის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს,

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ეკონომიკურ  მაჩვენებლებსა და სექტორულ ტენდენციებს, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, საინვესტიციო გარემოს და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება – 2025 წელს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 2026 წლის იანვარში კი ზრდამ 7,9% შეადგინა. მინისტრმა ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა Eagle Hills-ის უმსხვილეს ინვესტიციაზე და აღნიშნა, რომ პროექტები, რომლებიც თბილისსა და აჭარაში განხორციელდება, გაზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს განვითარების რეფორმების დღის წესრიგის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ფოკუსირებულია მაკროეკონომიკური მედეგობის გაძლიერებაზე, ეროვნული დანაზოგების გაზრდასა და პროდუქტიულობის ამაღლებაზე.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.