მარიამ ლაშხმა მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მარიამ ლაშხი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ ღონისძიებაზე მარიამ ლაშხმა მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„გილოცავთ მეცნიერების საერთაშორისო დღეს, დღეს, რომელიც გვახსენებს, რომ ცოდნა არის ის სინათლე, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამყარო. სწორედ მეცნიერება გვაძლევს საშუალებას გავიგოთ სამყაროს შემეცნებითი კანონები, შევქმნათ ინოვაციები, გადავჭრათ გლობალური გამოწვევები და შევცვალოთ ყოველდღიური ცხოვრება უკეთესობისაკენ. საქართველო აუცილებლად უნდა ჩაერთოს ერთიან გლობალურ ჯაჭვში და კიდევ ერთხელ თქვას თავისი სიტყვა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა.

ღონისძიების ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან ერთად, 40-ზე მეტ მეცნიერს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიები გადასცა.

დღესვე, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მეცნიერების მუზეუმი გაიხსნა, რომელიც საქართველოში მეცნიერების განვითარების ისტორიას ასახავს.

2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 10 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. 2025 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანია: „ნდობა, გარდაქმნა და მომავალი - როგორი უნდა იყოს მეცნიერება 2050 წელს‘‘.

ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, საპატრიარქოსა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.