მარიამ ლაშხმა და გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა

ლაშხი და ჩაკვეტაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ეროვნული პრემიის ლაურეატებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ეროვნული პრემიის კომისიის თავმჯდომარემ ზვიად გაბისონიამ მიმართეს.

„საქართველოს ეროვნული პრემია - ეს არის აღიარება იმ ინტელექტუალური შრომისა, რომელიც ჩვენი მეცნიერების ფუნდამენტს ქმნის და განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. დღეს ვაღიარებთ გამორჩეულ მიღწევებს თანამედროვე ფიზიკაში, საქართველოს ისტორიის კვლევაში, ფილოსოფიასა და კულტურის შესწავლაში. ეს ნაშრომები არა უბრალოდ სამეცნიერო ტექსტებია, არამედ ეს არის ჩვენი ეროვნული მეცნიერების უწყვეტობის გარანტია, ახალი თეორიული და გამოყენებითი მიმართულებების განვითარება, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეშიც აღიარებულია. ჩემთვის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისთვის, დიდი პატივია, ვიყო თქვენი შრომის აღიარების მოწმე“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ინტელექტუალურ რესურსზეა დაფუძნებული. როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, სახელმწიფო პასუხისმგებლობაა მეცნიერთა ღირსეული დაფასება, კანონმდებლობის სრულყოფა მეცნიერების სფეროში და ახალგაზრდა თაობის კრეატიული იდეების მხარდაჭერა.

„სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა მეცნიერების კოდიფიკაციაზე. ეს იქნება ისეთი სამართლებრივი ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო საქმიანობის სრულფასოვან განვითარებას. ჩვენი მთავარი ამოცანა ახალგაზრდა თაობაში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებაა. თქვენი მიღწევების სახელმწიფოებრივი აღიარება სწორედ ამ უწყვეტი აკადემიური ტრადიციის დაფასება და ძლიერი შთაგონებაა მომავალი მეცნიერებისთვის“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ეროვნული პრემია ლევან ჯაფარიძეს მიენიჭა სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის: „მიწისქვეშა ნაგებობების მექანიკა“, „მიწისქვეშა ნაგებობათა სამაგრის გაანგარიშება ზღვრულ მდგომარეობებზე“, „მიწისქვეშა ნაგებობების ზღვრული საექსპლუატაციო მდგომარეობები“.

ეროვნული პრემია ასევე მიენიჭა ავტორთა ჯგუფს - როინ მეტრეველის, ვახტანგ გურულის, ლელა მიქიაშვილის, ვალერიან ვაშაკიძის, გიორგი ჭეიშვილის, ოთარ ჯანელიძის, ჯონი კვიციანისა და ალექსანდრე დაუშვილის შემადგენლობით, სამეცნიერო მონოგრაფიული ნაშრომისთვის - „კავკასიის ისტორია“ (ორტომეული).

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულებს ეროვნული პრემიის ლაურეატის დიპლომები, სამკერდე ნიშნები და შესაბამისი ფულადი გასაცემელი გადასცა.