მარიამ ლაშხი: „იგლ ჰილსის“ ეს ინვესტიცია არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია. მოსახლეობას აჯერებენ, რომ თითქოს მიწა იყიდება, ეს არის ტყუილი და სიცრუეზე აგებული კამპანია

მარიამ ლაშხი

„იგლ ჰილსის“ ეს ინვესტიცია არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ყოველწლიურად სულ მცირე ნახევარი მილიარდი ემატება ბიუჯეტს.

„გარდა იმისა, რომ დუბაის აღმშენებლობაში, ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებაში „ემაარი“ არის მთავარი აქტორი და ის ინვესტიცია, კრიტიკოსებს შეუძლიათ არაერთ საერთაშორისო დონეზე განხორციელებულ ინვესტიციებს გადაავლონ თვალი. მოსახლეობას აჯერებენ, რომ თითქოს მიწა იყიდება, ეს არის ტყუილი და სიცრუეზე აგებული კამპანია.

იყო სპეკულაცია, რომ თითქოს არაბიზაცია მოხდება, ესეც სრული სიცრუეა. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა საემიგრაციო პოლიტიკა და ის ძლიერი ბერკეტები, რაც არის საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილში, აქვს სახელმწიფოს ძალიან მკაფიოდ და ძლიერად“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.