„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ერთ-ერთი მკაფიო დარღვევაა, რომელიც გერმანიის ელჩისა და ასევე საფრანგეთის ელჩის მხრიდან ხდება, ეს არის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის დარღვევა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა ქართულ პოლიტიკაში დიპლომატების ჩართულობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნული მუხლით რეგულირდება დიპლომატიური ურთიერთობები და მას ძალიან უხეშად და თავხედურად არღვევენ აღნიშნული დიპლომატები.
„პირველ რიგში, ძალიან მკაცრად და მკაფიოდ უნდა დავგმოთ ის საქციელი, რაც პირდაპირი დარღვევაა 1961 წლის ვენის კონვენციის, რომელიც შეეხება ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს, სადაც ე.წ. ჩარჩოებია განსაზღვრული, თუ რის ფარგლებში და როგორ უნდა იმოქმედონ ქვეყნებმა, რომ თანამშრომლობებს ხელი შეუწყონ. დღეს ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ასეთი მკაფიო დარღვევა, რომელიც გერმანიის ელჩის და ასევე საფრანგეთის ელჩის მხრიდან ხდება, ეს არის 41-ე მუხლის დარღვევა, რაც არის დიპლომატების მხრიდან შიდაპოლიტიკაში ჩაურევლობის პრინციპი და კონცეფცია. ამ რეზოლუციით რეგულირდება დიპლომატიური ურთიერთობები, რომელსაც ძალიან უხეშად და თავხედურად არღვევენ აღნიშნული დიპლომატები.
ძალიან სამწუხარო ფაქტია. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი დიპლომატიური რეაგირებები, ვინაიდან უკვე ზღვარს გასცდა. იმის მაგივრად, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს და რა ტექსტის ფონზეც ხდებოდა ეს შეხვედრები, ამაზე დროის დახარჯვას, ჯობია, კიდევ ერთხელ გადაიმეორონ ის რეზოლუცია, რაც მათ სამუშაო პრინციპებს აყალიბებს - მე მათ ასე მოვუწოდებდი“, - განაცხადა ლაშხმა.
უმრავლესობის დეპუტატი გმობს მსგავსი ტიპის საქციელს და მოვუწოდებს აღნიშნულ დიპლომატებს, დაუბრუნდნენ ჩარჩოებს. მისივე თქმით, ურთიერთობები სამართლიანობაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა გორში დისკუსია რადიკალიზმის შემცველი ბანერების ფონზე გამართეს.