1731850811
მარიამ ჯიშკარიანი, რომელმაც სააკაშვილის „ჯანმრთელობის უმძიმეს მდგომარეობაზე“ სამედიცინო დასკვნა მოამზადა, ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი დიდი ხანია აღარ უნახავს და არ იცის, ახლა როგორ არის
ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, რომელმაც სააკაშვილის „ჯანმრთელობის უმძიმეს მდგომარეობაზე“ სამედიცინო დასკვნა მოამზადა, ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი დიდი ხანია აღარ უნახავს და არ იცის, ახლა როგორ არის.
„ჩვენ დიდი ხანია არ გვინახავს მიხეილ სააკაშვილი და ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. მისი მდგომარეობის შესახებ არ გვაქვს ინფორმაცია“,- აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
ცენტრმა „ემპათიამ“ 2022 წელს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვრცელი დასკვნა მოამზადა.
როგორც „ემპათიაში“ მაშინ განმარტეს, ექსპრეზიდენტის ყოფნა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში იყო შეუძლებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე.
„იგი სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი აშშ-ის ან ევროკავშირის მესამე დონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა და შემდგომში განისაზღვროს მკურნალობა და რეაბილიტაცია“, – განაცხადა მაშინ მარიამ ჯიშკარიანმა.
ცენტრის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტის დიაგნოზები ასეთი იყო:
დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები – ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც. ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები.