1692302192
მამუკა მდინარაძე: თუკი ეკონომიკაზეა საუბარი, ჩვენ დღეს პირველ ადგილზე ვართ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. მეორე, ჩვენ პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობით

თუკი ეკონომიკაზეა საუბარი, ჩვენ დღეს პირველ ადგილზე ვართ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
მისივე თქმით, მეორე, ჩვენ პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობით.
„თუკი ეკონომიკაზეა საუბარი, ჩვენ დღეს პირველ ადგილზე ვართ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ამაზეც რომ გველაპარაკე ჩვენ 5-6 წლის წინაც კი, რომ ჩვენ ვიქნებით პირველ ადგილზე ევროპაში ეკონომიკური ზრდით, ალბათ ესეც, ჯერ ერთი, გასაბედი ამბავი იყო, რთული საპროგნოზო იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ალბათ ამასაც მარტივად არ შეხვდებოდნენ და რა მოჰყვებოდა, რა კაკოფონია მათი მხრიდან, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის. ვინც ასე გვაკრიტიკებს, განსაკუთრებით, მათ შორის, უცხოელების დავალებით.
მეორე, ჩვენ პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობით. მხოლოდ პირველ ადგილებზე ვსაუბრობ, პირველ სამეულს, ათეულს და რაღაც მონაცემები რომ აქვთ, იმათ საერთოდ არ ვეხები ამ შემთხვევაში. ერთიც უნდა ითქვას, ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და გვაქვს ჯანსაღი და აბსოლუტურად რეალისტური ამბიცია, რომ აქაც ვიყოთ მსოფლიოში მოწინავეები იმიტომ, რომ ჩვენ ამის შედეგები გარკვეულწილად უკვე დავდეთ.
ყველა საჯარო მოხელეს, ყველა ადამიანს, რომელსაც აქეთ თვალი და ხელი გაურბის, უნდა ვუთხრათ აუცილებლად, რომ არაფერმა, ომზე არ ვსაუბრობ, ამის იქით მხოლოდ შეიძლება კორუფციამ დააზიანოს ყველაზე მეტად ეკონომიკაც და მატერიალური კეთილდღეობაც ჩვენი საზოგადოების და ნებისმიერი ადამიანის, ოჯახისა და მისი წევრის. სხვას არაფერს, პირველი ჩამონათვალის გარდა, არ შეუძლია დააზიანოს ეკონომიკა და ჩვენი შვილების მომავალი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ნარკომანიაზე არ ვსაუბრობ, ეს არის ცალკე, პრიორიტეტულად საბრძოლველი მიმართულება, რასაც ასევე დიდი სიამოვნებით ვუერთდები, როდესაც პრემიერ-მინისტრი ამ ინიციატივებს ახმოვანებს ხოლმე. თქვენი სახელითაც ხშირად ვუჭერ მხარს და ეს ბუნებრივია, საერთო განწყობის გამოძახილია, მაგრამ კორუფცია არის ერთ-ერთი გადასაჭრელი, ბოლომდე აღმოსაფხვრელი საკითხი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.