მამუკა მდინარაძე ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საგარეო დახმარების პროგრამები 90 დღით შეაჩერა: შეიძლება გამჭვირვალობის კანონი საერთოდ აღარ დაგვჭირდეს

მამუკა მდინარაძე

შეიძლება „გამჭვირვალობის კანონი" საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ანუ ამით ისიც კი დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი" არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ იყო აუცილებელი. ტრამპის ერთ-ერთმა პირველმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„ეს გადაწყვეტილება იქონიებს შემდეგ გავლენას - შეიძლება გამჭვირვალობის კანონი საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ანუ ამით ისიც კი დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ აუცილებელი იყო. ტრამპის ერთ-ერთმა პირველმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც. როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ ხალხს, პასუხი აგოს სიცრუის გამავრცელებელმა თითოეულმა ადამიანმა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

აშშ-ის საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით შეჩერდება, აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან პროგრამული ეფექტიანობის და თანამიმდევრულობის შესაფასებლად/გადასახედად - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელსაც ხელს დონალდ ტრამპი აწერს.