მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს

mamuka mdinaraZe

„საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს“, -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციის - სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით,  ევროკავშირის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პიროვნებას და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, ხელისუფლების დაპირება იყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებდა სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელიც

სახალხო დამცველის პოზიციაზე უმრავლესობისა და ოპოზიციისათვის  თანაბრად მისაღები პირის წარდგენას უზრუნველყოფდა და შესაბამისად, ექნებოდა მაღალი ლეგიტიმაცია.

ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრა გაიმართა საპარლამენტო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილება მათი პოზიციების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე დავარეგისტრიროთ ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც გულისხმობს კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე მოხდა შეფასების წესის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ პირს შეეძლება შემოიტანოს განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, სადაც ასევე იქნებიან პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დაკომპლექტებული ჯგუფი თითოეულ კანდიდატს შეაფასებს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით; კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრივ საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველობის მინიმუმ შვიდი კანდიდატურა. მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება.

„საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შეიძლება ადგილი ქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არ წარდგენის გზით. კიდევ უფრო ნათელი, რომ იყოს საზოგადოებისთვის  - თუ ასე ვთქვათ „პირს შეკრავენ“ ოპოზიციური სუბიექტები და არ წარადგენენ არც ერთ კანდიდატურას, რომ პროცესი დაიბლოკოს და რეკომენდაციის პუნქტი არ შესრულდეს და ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიტოვებთ კანდიდატის წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესში - კანდიდატის წარდგენის პროცესში არ ჩავერთვებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარე პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის არჩევის კენჭისყრის ღიაობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრის, ლევან იოსელიანის ინიციატივას, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.