მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილზე: ტრენდად იქცა, ადამიანები ჩაიდენენ დანაშაულს, როგორც კი იმხილებიან, დაიწყებენ ხოლმე ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლანძღვას, ვინაიდან როდესაც დანაშაული გამოაშკარავდება, იტყვიან, რომ პოლიტიკური დევნაა

მამუკა მდინარაძე

ტრენდად იქცა ამ ბოლო დროს, ადამიანები ჩაიდენენ ხოლმე დანაშაულს, სავარაუდო დანაშაულს, ამ შემთხვევაში არ დავარღვიოთ პრეზუმფცია, როგორც კი იმხილებიან ამაში, დაიწყებენ ხოლმე ბიძინა ივანიშვილის ლანძღვას, „ქართული ოცნების“ ლანძღვას იმიტომ, რომ როდესაც ეს დანაშაული გამოაშკარავდება და დაუმტკიცდება, მერე იტყვიან, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, ეს არის მარტივი პასუხი.

„ანუ, ახლა თქვენ შეგიძლიათ ჩაიდინოთ დანაშაული და თუ ვინმე გამხელთ, გაბედავს, მერე იტყვით, რომ ესენი ცუდი ხალხია. როგორც კი ბიძინა ივანიშვილზე იტყვი, ასეთია და ასეთია, ცუდია, ამ „ნაცურ“ ტრენდს აჰყვები, შემდეგ თქვენ გიწოდებენ, მაგალითად ევროპის რომელიმე ქვეყნიდან ბიუროკრატები პოლიტპატიმარს და თქვენ ამით იქნებით ბედნიერი, გარკვეული იმუნიტეტი გექნებათ და ინდულგენცია აქედან გამომდინარე. თუმცა, საქართველომ გაბედა და ეს ინდულგენციური, აგენტურული მიდგომა წაშალა. თუ დანაშაული აქვს ადამიანს ჩადენილი, ვერ უშველის ვერანაირი ევრობიუროკრატის მხარდაჭერა, ე.წ. საფორთი რომელიმე ქვეყნიდან, ვინაიდან საქართველო თავისი ყველა ინსტიტუტით დღეს არის დამოუკიდებელი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.